შალვა თადუმაძე - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო მომზადებული პროკურორები იყვნენ ჩემ წინააღმდეგ, ვიდრე მამაკაცები
შალვა თადუმაძე - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო მომზადებული პროკურორები იყვნენ ჩემ წინააღმდეგ, ვიდრე მამაკაცები

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო მომზადებული პროკურორები იყვნენ ჩემ წინააღმდეგ, ვიდრე მამაკაცები, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას განაცხადა.

საპროკურორო საბჭო დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენია მას ქალთა როლი პროკურატურის სისტემაში და განსაკუთრებით მენეჯერულ პოზიციებზე.

„ჩემთვის ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ პროცესებზე უფრო მოტივირებულები არიან ქალბატონები, ვიდრე მამაკაცები. ვიცი, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე ამ მიმართულებით, ვიცი, რომ კიდევ იგეგმებოდა გარკვეული ღონისძიებების გატარება და როდესაც ყურადღება გავამახვილე კარიერის დაგეგმვის პროცესზე, ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული კომპონენტის გათვალისწინება იმისთვის, რომ დაწინაურების შერჩევის, ან მენეჯერულ თანამდებობებზე ქალბატონების განწესების გარკვეული კრიტერიუმები არსებობდეს.

მაღალი კლასის იურისტი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს იცავს სასამართლოში, შესაძლებელია იყოს ქალბატონი, თუ მას შესაბამისი განათლება ან გამოცდილება გააჩნია. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, გარკვეულ ღონისძიებებს გავაგრძელებ და ამ მიმართულებით არსებულ თანამდეროვე სტანდარტებს შევუსაბამებ“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კენჭისყრით მიიღეს. თადუმაძის კანდიდატურას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ.