შალვა ტაბატაძე - სტუდენტების დაფინანსების თვალსაზრისით მიდგომა არასამართლიანია
შალვა ტაბატაძე - სტუდენტების დაფინანსების თვალსაზრისით მიდგომა არასამართლიანია

განათლების ხელმისაწვდომობაზე საუბარი ფაქტობრივად წარმოუდგენელია, როცა სწავლის გადასახადის დიდი ნაწილი შიდა მეურნეობაზე და სტუდენტზე მოდის, – ამის შესახებ ექსპერტმა განათლების საკითხებში, შალვა ტაბატაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყველა ქვეყანაში, რომლის პრიორიტეტი განათლებაა, განათლების დაფინანსება მშპ–ის ერთი მეოთხედი, ბიუჯეტის ფარგლებში დაახლოებით 3%–მდეა, საქართველოში კი, მშპ–სთან მიმართებით 0.35%, ბიუჯეტის ფარგლებში კი 1,1%–ია“, – განაცხადა ტაბატაძემ.

მისი თქმით, მეორე სერიოზული საკითხია ის, თუ ვისთან მიდის დაფინანსება, რომელიც სახელმწიფოსგან გამოიყოფა.

„სახელმწიფოს აქვს სოციალური პროგრამები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დაფინანსება და სტუდენტებზე გრანტების გაცემა მისაღები გამოცდების შედეგად ხდება. 90% შემთხვევაში კი, უკეთესი განათლების მიღებას მაღალი სოციალურ–ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახის შვილები იღებენ. ანუ, დაფინანსებას ვაძლევთ იმას, ვისაც დაფინანსება, ძირითადად, ისედაც აქვს. დაფინანსების თვალსაზრისით, ეს მიდგომა არასამართლიანია“, – განაცხადა ექსპერტმა განათლების საკითხებში. 

როგორც შალვა ტაბატაძემ აღნიშნა, სტუდენტური სესხების საკითხი მთლიანად უმაღლესი განათლების დაფინანსების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის შეცვლა 2005 წლიდან დღემდე ვერ შეძლო. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღესდღეობით ამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ“, – განაცხადა ტაბატაძემ.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ საბანკო სექტორის წასახალისებლად სახელმწიფოს ბევრი მექანიზმი აქვს.

„სახელმწიფომ ე.წ. დამზღვევის ფუნქცია უნდა შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტური სესხის დაფარვა პრობლემური იქნება“, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ.