შალვა შავგულიძე - ვერ შევძელით ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი
შალვა შავგულიძე - ვერ შევძელით ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი, რომ ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და შენი პოზიციის დაფიქსირება, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს იყო „ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები.”

„ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული საოცარი ინტენსივობის ცილისწამების, შავი პიარის კამპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ჩემ წინააღმდეგ „იმედის” ეთერით.

სახელისუფლო პოზიციიდან დაპირებისა და და დაშინების გამოყენებით, ყოვლად უღირსი ზემოქმედება ხდებოდა ისეთ მოწყვლად ამომრჩეველზე, როგორებიც არიან პატიმართა ოჯახები, სოციალურად დაუცველები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ხელისუფლების მხრიდან მოხდა კრიმინალური მენტალიტეტის პირთა მასობრივად გამოყენება, ამომრჩევლის გარკვეულ წრეზე ზეგავლენის მოსახდენად და მათთან ერთად და იმავე მიზნით, ადმინისტრაციული რესურსის და სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების გამოყენება”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე შეძლო და შენარჩუნა პოზიციები.

​მართალია, „ევროპული საქართველოს” და „თავისუფალი დემოკრატებისგან” შემდგარი ჩვენი გუნდის ძალისხმევა და მხარდაჭერა დღეს არ გახდა წარმატების მისაღწევად საკმარისი, მაგრამ ამ სურათს აუცილებლად შევცვლით და წარმატებას მივაღწევთ ხვალ”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, პარტნიორულ ურთიერთობას „ევროპული საქართველო” და „თავისუფალი დემოკრატები” მომავალშიც გააგრძელებენ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, უბნიდან მიღებული ცნობების მიხედვით, დათვლილია ხმათა 75 პროცენტი, რის თანახმადაც ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, ხოლო – შალვა შავგულიძემ 37,5 პროცენტი.

დატოვე კომენტარი