შალვა შავგულიძე - თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა
შალვა შავგულიძე - თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა

თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ მთაწმინდის მე-10 საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც ის შვილებთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობით განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგი.

„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად, მაგრამ თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ შესაცვლელია, ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, არჩევნებზე მოვა და პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა. მჯერა, რომ ვერის, უშუალოდ მთაწმინდის, სოლოლაკისა და ოქროყანის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.