შალვა შავგულიძე - სულხან მოლაშვილს მის წამებაში გიგა ბოკერიას მონაწილეობაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს
შალვა შავგულიძე - სულხან მოლაშვილს მის წამებაში გიგა ბოკერიას მონაწილეობაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს

სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ ციხეში განხორციელდა წამება და ამ წამების საქმეში გიგა ბოკერიას ადებდა ხელს. თქვენ იყავით მოლაშვილის ადვოკატი, იცავდით ოჯახის ინტერესს, სარგებლობდით ოჯახის ნდობით და შესაბამისად, დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც, გიგა ბოკერიას ადებდა ხელს სულხან მოლაშვილი თავის წამებაში,- ასე მიმართა მოსამართლე ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია „იმედის“ დებატებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს.

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, სულხან მოლაშვილი ბევრ საჯარო განცხადებაში საუბრობდა გიგა ბოკერიას და კიდევ სხვა პირების შესახებ.

„თქვენი განცხადებაც მაქვს წაკითხული 2016 წელს. თქვით, რომ როდესაც იცავდით სულხან მოლაშვილის ინტერესებს, თქვენთვის ეს გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ ამ გვარებს ასახელებდა 2013 წელს და მგონი, უფრო მოგვიანებითაც“,- მიმართა მურუსიძემ შავგულიძეს.

როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, ის არ არის „ევროპული საქართველოს“ წევრი. მისი თქმით, „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ საარჩევნო ბლოკი მათთან და თავად წარმოადგენს სწორედ ამ ბლოკის კანდიდატს.

„ერთი პოლიტიკური პარტია მეორესთან რა ბლოკს შექმნის, ამას არავინ არ ეკითხება მოსამართლეს, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თქვენში მოსამართლის აღარაფერი დარჩა“, – განაცხადა შავგულიძემ.

რაც შეეხება სულხან მოლაშვილის წამების საქმეში გიგა ბოკერიას მონაწილეობას, როგორც შავგულიძემ აღნიშნა, მისთვის სულხან მოლაშვილს გიგა ბოკერიას შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს.

„სულხან მოლაშვილი იყო მძიმედ ავად და ამ ავადმყოფობამ იმსხვერპლა კიდეც მისი სიცოცხლე. როდესაც მან მოიპოვა განაჩენის გასაჩივრების უფლება, გასაჩივრების სურვილი აღარ ჰქონდა. ადამიანმა, როდესაც ავად არის, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მე აღარ მაქვს ამის თავი, ამის ენერგიაო. სულხან მოლაშვილი დაკმაყოფილდა სახელმწიფოს აღიარებით, რომ მან დაარღვია მოლაშვილთან მიმართებაში კონვენციის ოთხი მუხლი. გარდა ამისა, მან მორალური კომპენსაციის სახით მიიღო გარკვეული თანხა, 20 ათასი ევრო და შესაძლოა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე აღარ მოისურვა გასაჩივრება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.