შალვა შავგულიძე - სასარგებლო იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილი თავის კანდიდატურას დააყენებს
შალვა შავგულიძე - სასარგებლო იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილი თავის კანდიდატურას დააყენებს

“თავისუფალი დემოკრატები” ჩამოყალიბებული ვართ პოზიციაზე, რომ მეტად სასარგებლო იქნება, თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააყენებს თავის კანდიდატურას, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, მარგველაშვილის მხრიდან ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატურის დაყენება, ოპოზიციას მისი სახით საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბებას გაუმარტივებს.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება, რასაც პარტიების ნაწილში არ გამორიცხავენ, კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს და არა კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით, რომ ისედაც მრავალსახოვანი ოპოზიცია კიდევ უფრო არ დანაწევრდეს.

„ის არ არის აფელირებული არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან, ოპოზიციურ პოლიტიკური ძალებისთვის ადვილი იქნება მის კანდიდატურაზე შეთანხმება, ეს პლუსი აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა შეძლო და შეუნარჩუნა ინსტიტუციური დამოუკიდებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტს და რატომაც არა, რატომ არ იქნება სასურველი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, რომ იგივე პრეზიდენტმა გააგრძელოს იგივე ვადით საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულება”, – აღნიშნავს შავგულიძე.

პარალელურად კი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე ერთიან ოპოზიციასთან შეთანხმებას არ გამორიცხავენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა იდეას იწონებს, რადგან მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ძალები გაერთიანებით ხმების დაყოფას აირიდებენ თავიდან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობა საკუთარ პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს, რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის პრაქტიკა ამოქმედდება.