შალვა შავგულიძე - გიორგი რურუა არის უდანაშაულო და მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკური მოტივით ხორციელდება
შალვა შავგულიძე - გიორგი რურუა არის უდანაშაულო და მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკური მოტივით ხორციელდება

ხელთ მაქვს გამოძიების მიერ მოპოვებული ცნობა შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამნეტიდან, სადაც წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში ინფორმაცია გიორგი რურუას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება, – ამის შესახებ რურუას ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

შავგულიძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მხრიდან ევრპარლამენტარებისთვის გაგზავნილ საინფორმაციო ბიულეტენზე, რომელშიც გიორგი რურუას შესახებ არის საუბარი.

ადვოკატის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას გიორგი რურუას არათუ ნასამართლეობის, არამედ ოდესმე მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით.

„ასეთ დროს, საქართველოს პარლამენტის, „ქართული ოცნების“ კოლექტიური წერილი ევროპარლამენტარებისადმი, თითქოს რურუას დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მეტად უპასუხისმგებლო მოქმედებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის პასკვილი, ცილისწამება და არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.

ერთის მხრივ, ასეთი განცხადებით „ქართული ოცნება“ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები. მეორეს მხრივ, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირდაპირი მესიჯი სასამართლოსადმი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს რურუას ბრალდების საქმის განხილვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ითხოვს სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს რურუას მიმართ. მან გამოხატა თავისი დამოკიდებულება რურუას მიმართ. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რურუა არის უდანაშაულო და მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა ხორციელდება პოლიტიკური მოტივაციით“,- განაცხადა შავგულიძემ.

დატოვე კომენტარი