შალვა შავგულიძე - „ევროპულ საქართველოსთან“ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს და მათთან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებით უხერხულობას არ ვგრძნობ
შალვა შავგულიძე - „ევროპულ საქართველოსთან“ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს და მათთან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებით უხერხულობას არ ვგრძნობ

ჩემთვის მიუღებელი იყო მართვადი სასამართლო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, ასევე მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძემ განუცხადა.

შავგულიძის თქმით, როგორც სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, ის არ გრძნობს უხერხულობას „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან დაკავშირებით, ასევე ამით არ უხვევს თავის ღირებულებებს.

„უხერხულობას ნამდვილად არ ვგრძნობ და, პირიქით. იმ მოსამართლეებს, რომლებმაც დააშავეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მათ აბარებს სასამართლო ხელისუფლებას დღეს „ქართული ოცნება“. ხოლო „ევროპულ საქართველოში“ წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები აღიარებენ, რომ მაშინ ცუდი იყო, რომ მათ მიერ იმართებოდა სასამართლო ხელისუფლება და დღესაც ცუდია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ იმართება იგივე მოსამართლეები და სასამართლო ხელისუფლება. ასე რომ, სწორედ ღირებულებითი თანხვედრაა და ჩვენ ამით და პირადად მე, ოდნავ არ ვუხვევ ჩემს ღირებულებებს“, – განაცხადა შავგულძემ.

შავგულიძის თქმით, მართვადი სასამართლო ყველა ხელისუფლების პირობებში მიუღებელია.

„ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავლისკენ. დღეს თუ გვაქვს ისეთი უმთავრესი ღირებულებითი ერთობა, როგორც არის დასავლური ორიენტაცია, რომლის გარეშე ორივე პოლიტიკური ძალა ქვეყნის მომავალს ვერ ხედავს, ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა და კიდევ სხვა კონკრეტული საკითხები, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევძლოთ ძალისხმევის გაერთიანება და მომავლისკენ გახედვა“, – განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, წარსულში ქექვით დანაწევრება თუ არ დასრულდა, სახელმწიფო ვერ აშენდება და მომავალი ვერ შეიქმნება.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.