შალვა შავგულიძე - დარწმუნებული ვარ, მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს
დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციასა და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.
შავგულიძემ მიმართა მთაწმინდის ამომრჩეველს, იაქტიუროს და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მან ასევე წინასაარჩევნო კამპანიაზე და მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება.
„მგონი, ცილისმწამებლურმა შავმა პიარ-კამპანიამ არ იმუშავა. ეს დაიწყო უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა, მან მისცა სტარტი ამ უღირს კამპანიას და შემდეგ ამ კამპანიაში ჩაერთო ფრაქციის თავმჯდომარე და რაც ყველაზე მეტად აღსაშფოთებელია, ამ კამპანიაში ჩართეს უვადოდ გამწესებული მოსამართლე, ანუ, ქართული ხელისუფლება არად დაგიდებს, როგორ გამოჩნდება ჩვენი სახელმწიფო, რომ სასამართლოს ჩართვა პოლიტიკურ დებატებში და პოლიტიკურ კამპანიებში დაუშვებელია. უბრალოდ მას უნდა, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად, თუნდაც სახელმწიფოს დისკრედიტაციის ფასად. ასეთი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავისტუმროთ”,- განაცხადა შალვა შავგულიძემ, რომელიც მთაწმინდის მეათე საარჩევნო უბანზე შვილს მიჰყვა. თავად შავგულიძე ამჟამად საბურთალოს ოლქშია რეგისტრირებული და პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ხმის უფლებით ვერ სარგებლობს.
მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს 33 საარჩევნო უბანი მუშაობს. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მოიპოვოს. არჩეულ დეპუტატს უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაახლოებით 16 თვე ექნება.
პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
მთაწმინდის მაჟორიტარობის სურვილი 20 კანდიდატს აქვს. საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ 43 908 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ექვსი საინიციატივო ჯგუფისა და 14 პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს შორის მოუწევს.