შალვა შავგულიძე - ჩვენი სურვილია, 20 ივნისის საქმეებზე პოლიციელთა მიმართ ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით
შალვა შავგულიძე - ჩვენი სურვილია, 20 ივნისის საქმეებზე პოლიციელთა მიმართ ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით

ჩვენი სურვილია, 20 ივნისის საქმეებზე პოლიციელთა მიმართ ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა შავგულიძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

შავგულიძის თქმით, ჯერ უცნობია, „ქართული ოცნება“ ამაზე თანახმა იქნება თუ არა.

„ამნისტიის კანონპროექტი უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებას, რომლის თანახად, ამნისტია უნდა გავრცელდეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, მათ შორის იგულისხმება ნიკა მელია. ამის შედეგად, ნიკა მელია გათავისუფლდება არამარტო პატიმრობიდან, არამედ პასუხისმგებლობიდანაც. დღეის მდგომარეობით, ეს შეეხება სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან სამ თუ ოთხ პოლიციელს, რომელთაც 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით აქვთ ბრალი წარდგენილი, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება. არასახელმწიფო მოხელეებიდან კანონპროექტი შეეხება ნიკა მელიას, ასევე აქციის მონაწილეებს, რომელთა მიმართ შესაძლოა, მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და მათაც, ვის მიმართაც დამდგარია უკვე გამამტყუნებელი განაჩენი.

ჩვენი სურვილია და ალბათ ასე წარვადგენთ ამ კანონპროექტს, პოლიციელთა მიმართ ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით. არ ვიცი, ამაზე რამდენად გამოგვყვება „ქართული ოცნება“, თუ არ იქნება თანახმა, მაშინ ამის გარეშე მოგვიწევს ამ ამნისტიის მიღება, ვინაიდან ეს გათვალისწინებულია ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების ერთადერთ ვარიანტად“, – განაცხადა შავგულიძემ.