შალვა შავგულიძე -  არც ელისაშვილთან და არც „გირჩის“ ამ ნაწილთან სეპარატისტულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივიღებ
შალვა შავგულიძე - არც ელისაშვილთან და არც „გირჩის“ ამ ნაწილთან სეპარატისტულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივიღებ

არავითარ სეპარატისტულ მოლაპარაკებებში არ მივიღებ მონაწილეობას არც ელისაშვილთან და არც „გირჩის“ ამ ნაწილთან, მით უმეტეს, მას შემდეგ, რა პოზიციებსაც ისინი ამჟღავნებენ ბოლო პერიოდში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა შალვა შავგულიძემ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც შავგულიძე ამბობს, რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებელ პირობასთან ერთად, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„არ ვაპირებ ასეთ მოლაპარაკებაში ჩართვას. პირველ ყოვლისა, თავად საკითხის ასე დაყენება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თუ რაღაც შედეგი იქნება, ეს არის აბსოლუტურად არასწორი, ეს არის ის, რაც უნდა „ქარულ ოცნებას“, რომ რაღაც საბაბით, მიზეზსაც ვერ ვუწოდებ, შეიტყუოს ოპოზიცია და გადარჩეს ამ ერთპარტიული პარლამენტის ქონას. საკითხის ასე დაყენება დარწმუნებული ვარ, მოდის „ქარათული ოცნებიდან“ და არასწორად მიმაჩნია.

მეორეც, მე პარლამენტის წევრი გავხდი პარტიული სიიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, მეორე ტურში კი გავედი როგორც მაჟორიტარი, მაგრამ მეორე ტურში აღარ მივიღეთ მონაწილეობა, ასეთი იყო საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, იმ კანდიდატებმა, ვინც გავედით მეორე ტურში და რადგან მე ახლა პარტიული სიით გავხდი პარლამენტის წევრი, რა თქმა უნდა, არავითარ სეპარატისტულ მოლაპარაკებებში არ მივიღებ მონაწილეობას არც ელისაშვილთან და არც „გირჩის“ ამ ნაწილთან, მით უმეტეს, მას შემდეგ, რა პოზიციებსაც ისინი ამჟღავნებენ ბოლო პერიოდში. მაინცდამაინც ოპოზიციურად მე ამ ორ სუბიექტს ვერ აღვიქვამ.

რა თქმა უნდა, არ მივიღებ მონაწილეობას, განსხვავებულ პოზიციას არ დავიჭერ, ვიდრე ექნება იმ პარტიას, რომლის სიითაც მე გავხდი პარლამენტის წევრი და საერთოდ, ვიდრე ეს ექნება რეალური ოპოზიციური ძალებისგან შემდგარ ერთობას, რომელიც იკრიბებოდა „ლეიბორისტების“ ოფისში და ამ მაგიდის მონაწილე თავად გახლდით მისი შექმნის პირველივე დღეებიდან. ასე რომ, არავითარ სეპარატისტულ მოლაპაპრაკებებში მე არ მივიღებ მონაწილეობას. რა შუაშია ადგილობრივი არჩევნები? აქ არის ერთადერთი პირობა, რაზეც უნდა დათანხმდეს „ქართული ოცნება“.

მან ან უნდა აღიაროს, რომ ტოტალური გაყალბებებით ჩაატარა ეს არჩევნები, დაწერა აბსოლუტურად არასწორი, არარეალური შედეგები და უნდა დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს. სხვა საკითხია ეს ჩატარდეს წელს, ჩატარდეს მომავალ წელს. აქ რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება შეთანხმების მიღწევა. მაგრამ ის, რომ ეს არ აღიაროს „ქართულმა ოცნებამ“ და ისეთი სურათი შექმნას, რომ ეს არჩევნები ძალიანაც სამართლიანად ჩაატარა და ახლა თითქოს ოპოზიციის რაღაც ახირებებს უწევს ანგარიშს და რაღაც ადგილობრივი არჩევნების თემა შემოაქვს, რა შუაშია ადგილობრივი არჩევნები? ამ აღიარების გარეშე და რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებელ პირობასთან ერთად, პირადად მე ასეთ პარლამენტში არ შევალ. თუ რიგგარეშე არჩევნებზე შედგება შეთანხმება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება თუნდაც არა იმ დეკლარირებული მოტივაციით, რომ ისინი იყვნენ პოლიტპატიმრები, არამედ რამე სხვა გზით, თუნდაც შეწყალების გზით თუ მოხდება, ესენი არიან გიორგი რურუა და კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ქალბატონი და ბატონი, მათი გათავისუფლების გარეშე, პირადად მე, არ მივიჩნევ, რომ შესაძლებელია რაიმე შეთანხმებაზე წასვლა ხელისუფლებასთან ანუ „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.