შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ემთხვევა ოპოზიციისა და არასამთავრობოთა შენიშვნებს
„ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიმართ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს.
„უპირველესად, უნდა აღინიშნოს რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ, გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის საბჭო არ სარგებლობს საზოგადოებაში ნდობის მაღალი ხარისხით, არ მოახდინონ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის სრულად დაკომპლექტება; დააკომპლექტონ მაქსიმუმ ნახევრამდე, ხოლო შემდგომი დაკომპლექტება მოახდინოს ახალი მოწვევის პარლამენტმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების ნდობის ხარისხი მეტად დაზიანდება. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ფაქტობრივად ემთხვევა არასამთავრობო სექტორის, საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნებისადმი“ დაყენებულ შენიშვნებს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შალვა შავგულიძის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატები კენჭისყრაში არ უნდა მონაწილეობდნენ.
„არ შეიძლება, იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელიც თავად აყენებს საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე, მონაწილეობას იღებდეს კენჭისყრასა და პროცედურებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა არის ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით. ფარული კენჭისყრა არ პასუხობს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის გამჭირვალობისა და დასაბუთების პრინციპს, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდება ობიექტური კრიტერიუმების გამოყენებით“, – აღნიშნა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.