შალვა შავგულიძე - აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია, ვიდგე „ევროპულ საქართველოსთან“, რომელმაც გაიაზრა, აღიარა შეცდომა და ახლა ერთნაირად ვხედავთ მომავალს
შალვა შავგულიძე - აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია, ვიდგე „ევროპულ საქართველოსთან“, რომელმაც გაიაზრა, აღიარა შეცდომა და ახლა ერთნაირად ვხედავთ მომავალს

„პირადად მე, ისევე როგორც ჩემი პოლიტიკური მეგობრები და თანამებრძოლები, დიდი ხანია, „ევროპულ საქართველოს“ აღვიქვამდით, როგორც ყველაზე ახლო პარტნიორ პოლიტიკურ ძალას“, – ამის შესახებ შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიაშია.

შავგულიძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოლოს.

შალვა შავგულიძე ამბობს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ შეცდომა გაიაზრა და აღიარა.

„ჩვენი ერთობლივი პარტნიორობა 2019 წლის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდაზე შედგა, სადაც ერთად ყოფნით მოვსინჯეთ არჩევნებში მონაწილეობა. არაფერი შეცვლილა, ჩვენ პარტნიორებად ვრჩებით და ჩემთვის დიდი პატივია, ამ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ვიბრძოლო საქართველოს ევროპული მომავლისთვის. განსხვავება ჩვენს შორის აღმოფხვრილია. ის უარყოფითი მხარეები, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლების მმართველობას, ძირითადად, იყო ჩავარდნა და რიგი დანაშაულებისა სამართლის სფეროში. „ევროპული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელმაც პირველმა აღიარა ეს ჩავარდნა, დანაშაული, და პირველმა განაცხადა, რომ ეს დაუშვებელია, უნდა გამოსწორდეს, კანონის უზენაესობა იყოს ქვეყანაში. სამწუხაროდ, იმ „ქართულმა ოცნებამ“, რომელთან ერთადაც ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას სამართლის მოტანას, ამ დანაპირებს უღალატა და თავად დაადგა უსამართლობის გზას. დღეს მე აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია, ვიდგე იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელმაც გაიაზრა, აღიარა შეცდომა და ახლა ერთნაირად ვხედავთ მომავალს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარუდგინა.