შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს გუშინ გამოქვეყნებული ანგარიში ევროპარლამენტის რაიმე ოფიციალური დოკუმენტია
ეს გახლავთ ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის ანალიზი, კვლევა და სამწუხაროა, რომ მედიისა და ოპოზიციის ნაწილმა აიტაცა, თითქოს ეს არის ევროკავშირის პარლამენტის დოკუმენტი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის ანგარიში და შეფასება.
„ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი და ევროპარლამენტის მხრიდან იქმნება დოკუმენტი, იქ არის ის შეფასებები. ჩვენ ჯერჯერობით არც გვინახავს. რაც შეეხება ამ შეფასებებს, გავეცნობით კიდევ დეტალურად. მე ვნახე, რომ რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა იყო დოკუმენტში. ასე, რომ შევხედოთ, ამ დოკუმენტს ვნახავთ. კრიტიკული მოსაზრებები გასაგებია, შევხედავთ, გავაანალიზებთ და გასათვალისწინებელ საკითხებს რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ხაზი გაესვას, რომ ეს არ გახლავთ ევროპარლამენტის დოკუმენტი და სამწუხაროა, რომ ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ეს ევროპარლამენტის რაიმე ოფიციალური დოკუმენტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა. „დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მის ავტორ(ებ)ს და მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იქნას მიღებული, როგორც პარლამენტის ოფიციალური პოზიცია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში.