შალვა პაპუაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.

„ყურადღება გამახვილდა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, სლავკოვის ფორმატში განხორციელდა. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა განვითარების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოსთვის, როგორც პრიორიტეტული ქვეყნისთვის, Slovak Aid-ის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მოლოდინებს შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ელჩმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის და  წარმატება უსურვა  მის შემდგომ საქმიანობაში“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.