შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი განმარტა
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი განმარტა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი განმარტა.

„დღეს დავამტკიცე „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“ წესი და ეს არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა, რომლის მთავარი არსი არის როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ა.შ. ყველა ეს საკითხი, რომლებიც მოწესრიგებული იყო, ერთ სისტემატიზებულ მდგომარეობაში მოვიყვანეთ, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს წესი ამოქმედდება 18 სექტემბრიდან.

„რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი არის შესვლის წესი, აქ რამე რადიკალურად არ იცვლება. არის ერთი საკითხი, რომელიც ეხება საშვის დაშვების წესსა და პირობებს. როგორც აქამდეც, პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის შესაბამის წევრებს, ვისაც აქვთ დაშვების უფლება, ისინიც დაუშვებენ საშვებს, საშვთა ბიურო გახანგრძლივდება და 21:00 საათამდე იმუშავებს. იცით, რომ დღეს 19:00 საათამდე მუშაობს. შემოდის ასევე საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითების ვალდებულება, კერძოდ, შეხვედრა თუ ღონისძიება. იგულისხმება, რომ საშვი დაშვებული უნდა იყოს ან თავად საშვის დამშვებ პირთან შეხვედრისთვის, ან აპარატები ვინაიდან და რადგანაც არის, მის ხელმძღვანელთან თუ აპარატის თანამშრომელთან, შესაბამისი მიზნობრიობა უნდა ჰქონდეს. ასევე, ღონისძიებაც მითითებული უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, საშვი იყო დაშვებული ადამიანის მიერ არა იმისთვის, რომ მასთან მიდიოდა ვიზიტორი, არამედ სხვა რაღაც ღონისძიებაზე თუ სხვა ადამიანთან მიდიოდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესიც დაცული იყოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე შემოდის ვიზიტორთა ქცევის წესი, რომელიც აწესრიგებს სამუშაო და უსაფრთხო გარემოსთვის შესანარჩუნებლად სტანდარტებს და სრულად ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილებას, რომ მშვიდი გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„ასევე, წესრიგდება უსაფრთხოების დონეები. იცით, რომ გარკვეულ შემთხვევაში რეჟიმი ცხადდება ხოლმე პარლამენტში, როდესაც ვიზიტორები არ დაიშვებიან. აქ უფრო მეტი სიცხადისთვის შემოდის ზუსტი განსაზღვრება უსაფრთხოების დონეებისა: წითელი, ყვითელი და მწვანე დონე. შესაბამისად, მწვანე დონეა, როდესაც რაიმე შეზღუდვა არ არსებობს; წითელი დონე გულისხმობს ევაკუაციის შემთხვევას, როდესაც სხვადასხვა ფორსმაჟორული სიტუაციაა; ყვითელი დონე, როდესაც შეიძლება, სხვადასხვა სახის შეზღუდვა იყოს ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მოწესრიგდა პლენარულ სხდომათა დარბაზში სივრცეების განაწილებაც.

„ასევე, მოვაწესრიგეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სივრცეების განაწილება, სად არის ვიზიტორების სივრცე, სამთავრობო ლოჟა და ასე შემდეგ. აქ ცვლილება არაფერია, უბრალოდ, კიდევ ერთხელ არის დაზუსტებული და მოწესრიგებული, ვინაიდან დღემდე ეს გარკვეული ტრადიციის ნაწილი იყო, თუმცა პირდაპირ გაწერილი ეს საკითხი არ ყოფილა. შესაბამისად, ამ ინფორმაციას საზოგადოებასაც შევატყობინებთ“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დღეს დამტკიცდა, რომელიც მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან ამოქმედდება.