შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა - ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულ, შვედურ, ამერიკულ და არცერთ სხვა ფულს, გააუქმეთ ყალბი „ენჯეოები“, დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა - ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულ, შვედურ, ამერიკულ და არცერთ სხვა ფულს, გააუქმეთ ყალბი „ენჯეოები“, დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას

ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულ, შვედურ, ამერიკულ და არცერთ სხვა ფულს. ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა, ქართველმა მეცენატებმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა ქვეყანაში პარტიების უცხოური დაფინანსება აკრძალულია.

„ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მოგვცა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვქმნით, რათა ფინანსები მოვიზიდოთო. რა არის ამაში ცუდიო, ამასაც ვერ ხვდება. ავხსნი, რა არის ცუდი. როგორც ჩანს, ყალბი „ენჯეოების“ სქემები ძალიან პოპულარული გახდა ოპოზიციურ პარტიებში დაფინანსებისთვის. საიდან არის დაფინანსება? უცხოეთიდან ხომ? ერთია, რომ აკრძალულია, და მეორე, პარტიებში რომელი ქართული პოლიტიკა უნდა გატარდეს უცხოური დაფინანსებით? ამიტომ არის აკრძალული. ყველა ქვეყანაში აკრძალულია პარტიების უცხოური დაფინანსება. რატომ ვერაფერს ამბობთ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რადგან არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ინტერესი, საქართველომ ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს, ქართველი ხალხის ინტერესში ეს არ შედის. რატომ ხართ ჩუმად? რადგან იმ ქვეყნებიდან დაფინანსების სქემებში ხართ, რომლებსაც ინტერესი აქვთ, საქართველომ დააწესოს სანქციები. ეს არის პრობლემა, ეს არის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე უცხოური ფულის მეშვეობით. ამას უნდა შეეშვათ, გააუქმეთ ყალბი „ენჯეოები“, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას. ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულ, შვედურ, ამერიკულ და არცერთ სხვა ფულს. ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა, ქართველმა მეცენატებმა. ასე კეთდება პოლიტიკა, ეს არის სუვერენიტეტი. ამისთვის ვიბრძოდით და უნდა მოიცილოთ ყოფილი კოლონიის კომპლექსები, რომ გუშინ ერთი დედაქალაქი იყო თქვენთვის ცენტრი, დღეს მეორეა. ასე არასერიოზულად აღგვიქვამს ყველა. საკუთარ თავს ჩვენ თუ არ ვეცით პატივი, ჩვენ თუ არ ვეცით პატივი საკუთარ სუვერენიტეტს, არავინ ჩვენ პატივს არ გვცემს. რა თქმა უნდა, ყოველთვის კომფორტულია, პარტნიორად გყავდეს ისეთი, რომელიც ყველანაირად დაგეთანხმება, მაგრამ ასე არ ხდება. ხანდახან ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა სხვების ინტერესებს, ასეა მოწყობილი სამყარო, არსებობს მუდმივი ინტერესები და არა მუდმივი მეგობრები. ესეც ხომ ევროპაშია ნათქვამი. გთხოვთ, ასე შეხედოთ ყველამ. ამიტომაც არის ეს თემა ჩემთვის მგრძნობიარე. პარლამენტზე, უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვაცნობიერებდეთ, რა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტრუქციული დისკუსიისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა დღევანდელი დისკუსიისთვის, განსაკუთრებით კონსტრუქციული ტონისთვის, გავაგრძელოთ ასე. ვხედავთ, რომ შეგვიძლია, ყველაზე მწვავე კრიტიკაც კი მშვიდად გამოვთქვათ, ერთმანეთს დავუპირისპიროთ  არგუმენტები. სწორედ ასე გამოიყურება ქართული დემოკრატიის ზეიმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.