შალვა პაპუაშვილმა იაგო ხვიჩიას მიმართა - ძალიან ოსტატურად, ენაწყლიანობით ცდილობთ, შეფუთოთ, როგორ თამაშობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს, გუშინაც და დღესაც ამას სიცილ-კისკისში აკეთებთ
შალვა პაპუაშვილმა იაგო ხვიჩიას მიმართა - ძალიან ოსტატურად, ენაწყლიანობით ცდილობთ, შეფუთოთ, როგორ თამაშობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს, გუშინაც და დღესაც ამას სიცილ-კისკისში აკეთებთ

ბატონო იაგო, თქვენ ძალიან ოსტატურად, ენაწყლიანობით ცდილობთ, შეფუთოთ ის, როგორ თამაშობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს. მგონი, გუშინაც და დღესაც ამას სიცილ-სიცილ, კისკის-კისკისში აკეთებთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილს ძალიან მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამიტომაც ზის ციხეში.

„გასაგებია, თქვენთვის სასაცილოა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე ძალიან მძიმე დანაშაულებში. თქვენ რომ ამას აბაიბურებთ და პოლიტიკაზე საუბრობთ, ადამიანმა სიკვდილამდე აცემინა პარლამენტის წევრი. უბრალოდ, სპორტსმენი იყო ის ადამიანი და გადარჩა. ამის გამო ზის ციხეში და მისჯილი აქვს. მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი და ხელი დააფარა, ყველაფერი გააკეთა, რათა დამნაშავეები გარეთ გამოეშვა. ამისთვის ზის ადამიანი ციხეში, რა პოლიტიკაზე საუბრობთ, ვერ გამიგია. აბსურდის თეატრია. ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის და დღემდე არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, რა პოლიტიკაზე საუბრობთ?! სირცხვილი იცით, რა არის? საერთოდ როგორ საუბრობთ ამაზე? სისხლის სამართლის დამნაშავეზე საუბრობთ. რომელ პოლიტიკაში ჩართულობაზეა საერთოდ საუბარი და კიდევ შესვლას, პოლიტიკურ პაემნებს ითხოვთ. ვისმენთ, ვისმენთ, მაგრამ ხომ აბსურდია, რომ დამნაშავე, გინდათ, იყოს პოლიტიკაში. ასეთი რამ საქართველოში პირველად მესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლების არმიცემით, პოლიტიკოსებს არ ეძლევათ საშუალება, წინასაარჩევნო წელს გაიგონ, რა უნდა „ნაცმოძრაობას“.