შალვა პაპუაშვილმა და ფრანსის დრუენმა ფრანკოფონიის ასამბლეაში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები დააჯილდოვეს
შალვა პაპუაშვილმა და ფრანსის დრუენმა ფრანკოფონიის ასამბლეაში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები დააჯილდოვეს

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის ახალგაზრდა მოხალისეები მადლობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაწეული საქმიანობისთვის მათ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა გადასცეს სერტიფიკატები.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. იმედი მაქვს, თქვენთვის, როგორც ადამიანებისთვის, რომლებიც ფრანგულ ენასთან ახლოს ხართ, ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდებს.

როგორც ფრანსის დრუენმა აღნიშნა, თავად არაერთხელ ყოფილა მოხალისე მსგავს ღონისძიებებში და ეს ახალგაზრდებისთვის საუკეთესო გამოცდილებაა.

„იმდენად კარგად შეასრულეთ სამუშაო, როგორც ხედავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მოვიდა პირადად თქვენთან“, – განაცხადა ფრანსის დრუენმა.

ღონისძიების საქმიანობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ ჩართული.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესია 4 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.