შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში თავის დიპლომატიურ მისიას მალე დაასრულებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობები და ორი ქვეყნის ისტორიულად მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ამ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა საქართველოს საგარეო ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობა და ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სამომავლო კავშირების განვითარების პერსპექტივები“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ბულგარეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში.