შალვა პაპუაშვილმა ანა წითლიძე მოინახულა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტოს
შალვა პაპუაშვილმა ანა წითლიძე მოინახულა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა და მას კიდევ ერთხელ მოუწოდა,  შიმშილობა შეწყვიტოს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია.

„მოვინახულე ანა წითლიძე. ვესაუბრე, კიდევ ერთხელ მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. ის უკვე ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც შეიძლება, შეუქცევადად დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა. ექიმებსაც ვესაუბრე და ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იფიქროს საკუთარი ჯანმრთელობის უვნებლობაზე, ვინაიდან საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რაც შეიძლება ახლა მოხდეს, არის ის, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდეს.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის სასამართლო პროცესი, ჩართული არიან ადვოკატები. ვნახეთ, იყო პროცესი, სადაც ინტენსიურად გამოიკითხნენ ექსპერტები. 29-შია შემდეგი პროცესი ჩანიშნული. ამიტომ ეს საკითხი არის სრულად სასამართლოს გადასაწყვეტი. შიმშილობით, მოთხოვნით ასეთი საკითხები არ წყდება. ერთადერთი, რაც შეუძლია, შიმშილობამ გამოიწვიოს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. სხვა დეპუტატებმა, რომლებმაც შეწყვიტეს შიმშილობა, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეუქცევადად არ დაეზიანებინათ საკუთარი ჯანმრთელობა. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თანაგუნდელებმაც მას აქეთკენ მოუწოდონ და სთხოვონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.