შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღესვე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხება საქართველოს ინტეგრაციის საკითხებსა და ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა იქნება გენერალური მდივნის მოადგილესთან, ასევე, მივმართავ კომისიის სხდომას. იქნება დისკუსია საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მსჯელობა იქნება რეგიონში, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემოზე. ველოდები, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია იქნება. კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიაში. 2022 წელს, იანვარში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ჩემი პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში, ნატო-ს სათავო ოფისში განხორციელდა. ეს იყო მანამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მაშინდელ დისკუსიებს გავიხსენებთ და შესაძლებლობა გვექნება, რომ ვისაუბროთ, როგორ გაიარა საქართველომ ეს პერიოდი და როგორ შევინარჩუნეთ უსაფრთხოების გარემო იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე ნატო-სთვისაც უსაფრთხო დერეფნის შენარჩუნებას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის თვალსაზრისით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.