შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში უკვე პარლამენტშია და, დიდი ალბათობით, ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოს 30 ივნისს მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოს, დიდი ალბათობით, 30 ივნისს მიმართავს.
როგორც ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში უკვე პარლამენტშია.
მისი თქმით, 5 ივნისის ბიუროს სხდომის შემდეგ დოკუმენტი კომიტეტებსა და საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს გადაეცემათ.
„როგორც არასდროს არაფერი არ დამალულა, სხვათა შორის, პარლამენტი გამორჩეულია გამჭვირვალობით და ინფორმაციის საჯაროობით, აქაც ზუსტად ასე იქნება, ანგარიში ყველას გადაეცემა. პარლამენტი „ნაცმოძრაობის“ კაპრიზებით არ მოქმედებს. საგაზაფხულო სესიაზე ორი სასესიო კვირა არის დარჩენილი და მეორე სასესიო კვირას იქნება ანგარიშის მოსმენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს. რეგლამენტის მიხედვით, მთავრობის ხელმძღვანელმა ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს პირველ ივნისამდე უნდა წარუდგინოს, მისი განხილვა კი საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ივნისის ბოლომდე იმართება.