შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა პროფესიული ნიშნით უნდა მოხდეს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა პროფესიული ნიშნით უნდა მოხდეს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა პროფესიული ნიშნით უნდა მოხდეს.

როგორც ჟურნალისტებს პაპუაშვილმა განუცხადა, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ისე მისი მოადგილე ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს და დანიშვნის პროცედურებიც მიუკერძოებლად განხორციელდეს.

პაპუაშვილის განცხადებით, გარკვეულ შემთხვევებში მოადგილეს ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება უწევს და ის თუ პოლიტიკურად მიკერძოებული პირი იქნება, ეს სამართლებრივად სისტემაში არ ჯდება.

„ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. პროფესიული ნიშნით არჩევის შემთხვევაში პარტიულობა გამოირიცხება. გავიხსენოთ პირველი ნოემბრის ღამე, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკო-ში ახტა პრესკონფერენციის დროს და ჩაშლას ცდილობდა. პარტიული წევრები არიან პარტიული წევრები და ეს არის რეალობა. ასეთი პარტიული წევრი იყოს მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის უფლებამოსილებას ასრულებს, არარეალურია იმ სურვილიდან გამომდინარე, რომ ცესკო-ს ხელმძღვანელობის საქმიანობა იყოს ნეიტრალური“, – განაცხადა პაპუაშვილმა.