შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთს აქვს დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები, საქართველო კი - ხარი, იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები, პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, ეს სამწუხარო მიდგომაა
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთს აქვს დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები, საქართველო კი - ხარი, იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები, პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, ეს სამწუხარო მიდგომაა

ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები, საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაცაა დასაშვები, ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც სამწუხარო მიდგომაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კანადაში ინიცირდება კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ“, ევროკავშირში დაინიცირდა დირექტივა, თუმცა არსად არ ამტყდარა პანიკა ამასთან დაკავშირებით.

„განხილვაზე პანიკა არის კანადაში? არ არის, და ზოგიერთი უცხოური აქტორის მხრიდან რატომ არის საქართველოში პანიკური სიტუაციის შექმნის სურვილი?“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ გარე აქტორების ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქმე ეხება ევროკავშირისა და აშშ-ის თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში და ფინანსდებიან ის პარტიები, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ.

„ერთადერთი მიზანი ისაა, რომ აქ ინტერესია თავად აქტორებისა, ვინაიდან საქმე ეხება ევროკავშირის, აშშ-ის თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში, რაც არაერთხელ მითქვამს მათთვისაც. სხვათა შორის, ჩვენს პარტნიორებთან ვთანხმდებით იმაზე, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებენ თავიანთ ფინანსებს და მალავენ. არავინ უარყოფს, რომ ეს არის დაფარული თანხები. აქ ჩნდება მეორე კითხვა: რა ტიპის ორგანიზაციაა ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყანაში ფარულად ხარჯავს ფულს? არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს ჰგავს, რაც უკვე სხვა კითხვებს აღძრავს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შემდეგ შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ ეს ორგანიზაციები არიან დამფინანსებლები პარტიებისა, მათ შორის იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ. თუ დავაკვირდებით, ვინ არიან ამ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები, პარლამენტზე თავდასხმის ორგანიზატორები, ვინ მოუწოდებდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას, რომ მომხდარიყო პარლამენტის პიკეტირება და ამით ძალადობისკენ უბიძგებდნენ აქციის წევრებს, სხვადასხვა გადაადგილება კანცელარიასთან და ა.შ. რითიც უბიძგეს ასევე ძალადობისკენ აქციის წევრებს, აღმოვაჩენთ ხოლმე ზუსტად ამ ორი ფონდის კვალს, „ევროპის დემოკრატიის ფონდისა“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.