შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი აპელირებს იმაზე, ქართველ ხალხს რა უნდა, თითქოს ეს საქართველოში არჩეულ პოლიტიკოსზე უკეთ იცოდეს ადამიანმა, ვისაც „ტვიტერს“ მიღმა წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე
სოციალ-დემოკრატების ლიდერების განცხადება, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელია, დამაფიქრებელია ასეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, ხაზგასმა იმაზე, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არ ესაქმება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე საუბარი იყო ოჯახზე, სამშობლოზე, რწმენაზე და ძალიან გასაკვირია, თუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება ოჯახს, სამშობლოს, რწმენას.
„ეს, ფაქტობრივად, იგივეა, რომ გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. წლებია, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენი დამოკიდებულება გამოავლინოს და ეს არის სწორედ ის ფასეულობები, რაც ჩვენს ერს გააჩნია. ეს, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას აჩვენებს. მამული, ენა, სარწმუნოება – ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ჩვენი ევროპაში სწრაფვა. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ მამული, ენა და სარწმუნოება არ არის ის ღირებულება, რომელიც ევროპაში მისაღებია კონკრეტულად ამ ფრაქციის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან იმედგამაცრუებელი იქნებოდა. დემოკრატია ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება – ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატია, როცა ხალხი მის ხელისუფლებას ირჩევს და კიდევაც იგულისხმება, რომ ხელისუფლება მის ხალხს წარმოადგენს. ასე რომ, ნებისმიერი მცდელობა ხელოვნური დაყოფის ხალხისა და ხელისუფლების მხოლოდ პროპაგანდაა და ამ პროპაგანდას საქართველოს მიმართ დღემდე მხოლოდ რუსეთი იყენებდა.
ჩვენ გვახსოვს, როგორ ულოცავდა რუსული ხელისუფლება ამა თუ იმ დღესასწაულს მოსახლეობას და არა – ხელისუფლებას. ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღი, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და ხელისუფლება, ისაუბროს, თითქოს ხალხზე ზრუნავს, ხოლო ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხს. საბოლოო ჯამში, ამ პროპაგანდის ბოლო ეტაპი არის ის, რომ, სინამდვილეში, თავად პროპაგანდისტებმა ან იმ ხალხმა, ვინც ზუსტად იმ პროპაგანდას მიმართავს, ხალხს და ხელისუფლებას მიჯნავს, შემდეგ თავად თქვან, რომ ისინი წარმოადგენენ ხალხს და ისინი უფრო მეტად იზიარებენ ხალხის ინტერესს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან, როცა ხდება ყოველ მეორე წინადადებაში აპელირება იმაზე, ხალხს რა უნდა და თითქოს მათ იციან – არა საქართველოში არჩეულმა პოლიტიკოსებმა, არამედ ადამიანებმა, ვინც „ტვიტერის“ მიღმა საქართველო რა არის, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ. თითქოს მათ იციან, რა უნდა ქართველ ხალხს და ისინი წარმოადგენენ თითქოს ქართველ ხალხს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდის იარაღი. საზოგადოებას რაც უნდა მოვუწოდოთ, არის ის, რომ ნებისმიერ უცხოელ პოლიტიკოსს, რომელსაც შევატყობთ, რომ ლექსიკონში ექნება ქართველ ხალხზე გადაჭარბებული ხაზგასმა, რომ ქართველ ხალხს რაღაც უნდა თუ არა, ყველამ ასეთ პოლიტიკოსს ეჭვის თვალით შევხედოთ, რადგან ამის უკან რუსეთის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები დგას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.