შალვა პაპუაშვილი - ყველაზე დიდი ანტიდასავლურობა არის ადამიანის სტიგმატიზება მაშინ, როცა საკუთარ აზრს, შეფასებას გამოთქვამს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე დიდი ანტიდასავლურობა არის ადამიანის სტიგმატიზება მაშინ, როცა საკუთარ აზრს, შეფასებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველაზე დიდი ანტიდასავლურობა არის ადამიანის სტიგმატიზება მაშინ, როცა ის საკუთარ აზრს და შეფასებას გამოთქვამს.

პაპუაშვილის თქმით, როცა პარლამენტის წევრები კითხვებს სვამენ და პოზიციებს აფიქსირებენ, დემოკრატიულ სამყაროში, პროდასავლური ჯგუფების მხრიდან ამას მოჰყვებოდა კომპეტენტური პასუხი, დისკუსია, შეფასება, მაგრამ არა დისკრედიტაცია და სტიგმატიზება.

„რასაც ვხედავთ, არის ის, რომ პარლამენტის სამი წევრი თავის აზრს გამოთქვამს, სვამენ კითხვებს, შეფასებას აკეთებენ და ვხედავთ სტიგმატიზების მთლიან ტალღას, ადამიანის დისკრედიტების მცდელობას. მცდელობაა, მიაკერონ იარლიყი, თითქოს ეს არის ანტიდასავლური კამპანია, პრორუსულობა, „ფეესბე“ და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტური ხერხი. ადამიანთან დისკუსიაში შესვლის ნაცვლად, მისთვის იარლიყის მიწებება ხდება. ყველაზე დიდი ანტიდასავლურობაა არა დისკუსია, არამედ იარლიყების მიკერება. ამის საპირისპიროდ როგორ გააკეთებდნენ პროდასავლური ჯგუფები და როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი დემოკრატიულ სამყაროში? – როცა პარლამენტის წევრები გამოდიან, კითხვებს სვამენ და პოზიციებს აფიქსირებენ, ამაზე ყველას ექნებოდა ან კომპეტენტური პასუხი, დისკუსია, ან შეფასება, მაგრამ არა დისკრედიტაცია და სტიგმატიზება. ჩვენი პოლიტიკის სენია, რომ ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების ნაცვლად, ყველა ისწრაფვის, რატომღაც მეორე მხარეს მიაკეროს რაღაც იარლიყი, მოახდინოს მისი დისკრედიტაცია, სტიგმატიზება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებთან დაკავშირებით საუბრისას.