შალვა პაპუაშვილი - ყველას უნდა, იყოს გამარჯვებული, მაგრამ ამას ხალხი წყვეტს, დემოკრატიული პროცესის მიღმა ვერავინ მიიღებს ძალაუფლებას, კაპრიზები დემოკრატიის ნაწილი არ არის
ყველას უნდა, იყოს გამარჯვებული, მაგრამ ხალხი წყვეტს, ვინ არის გამარჯვებული, ასეა დემოკრატია. კაპრიზები არ არის დემოკრატიის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს მედიის წარმომადგენელმა კითხვა დაუსვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა. ეს ფაზა ახალ წლამდე თუ არ დავასრულეთ, ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, შემდგომ უკვე ძალიან გვიან იქნება“, – რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემა აღნიშნა:
„20 იანვარს როცა აბამს ზოგიერთი ოპონენტი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მზერა მიმართულია გარეთ და არა საკუთარი ხალხისადმი. 26 ოქტომბერი იყო დღე, რომლისთვისაც უნდა ეზრუნათ, რომ მიეღოთ ხალხის მხარდაჭერა. მიიღეს ის მხარდაჭერა, რაც მიიღეს. ამას თავადაც აღიარებენ. ყველა ამ პარტიას თავად აქვს დასახელებული ხმების ის რაოდენობა, რაც მათ მიიღეს. როგორც გახარიას პარტიას აქვს დასახელებული, აღიარებული ის რიცხვი, რაც მათ მიიღეს, ასევე „ლელოს“ და სხვა პარტიებს. ეს არის დემოკრატია, ასე მოქმედებს დემოკრატია. კაპრიზები არ არის დემოკრატიის ნაწილი, გავიგე, რომ ყველას უნდა, იყოს გამარჯვებული, მაგრამ ხალხი წყვეტს, ვინ არის გამარჯვებული, ასეა დემოკრატია. ხალხმა ეს გადაწყვიტა და ყველა უნდა შეეგუოს. სხვა გამოსავალი აქ არ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, დემოკრატიული პროცესის მიღმა საქართველოში ვერავინ მიიღებს ძალაუფლებას.
„კონსტიტუციის მიღმა ვერ დადგება ვერავინ და დემოკრატიული პროცესის მიღმა საქართველოში ვერავინ მიიღებს ძალაუფლებას. წერტილი. საქართველოში არ იქნება 90-იანი წლების პუტჩები თუ უკრაინაში მომხდარი „მაიდანის“ მსგავსი პროცესები. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება აირჩევა დემოკრატიული წესით. 26 ოქტომბერს ხალხმა ეს არჩევანი გააკეთა და ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა წინასწარვე იცოდა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა.
„ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე, წინასწარ გვაქვს ნათქვამი, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვამბობდით, მათ შორის უცხოელებსაც ვეუბნებოდით, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს. ეს ყველაფერი ასრულდა. ჩვენ ვიცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ დანიშნავდა პარლამენტის სხდომას, არ მოვიდოდა სხდომაზე, ამისთვის რეგლამენტში ცვლილებაც კი შევიტანეთ, რომ, მისი მოუსვლელობის შემთხვევაში, უხუცესი წევრი ხსნის სხდომას. ეს რეგლამენტში ჩავწერეთ ივნისში თუ მაისში. რატომ? რადგან წინასწარ ვიცოდით, რაც მოხდებოდა. ყველაფერი მიდის იმ სცენარით, რომელიც დიდი ხანია, ცნობილი იყო ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, ამის შედეგიც ჩვენთვის წინასწარ არის ცნობილი. როგორი წარუმატებლებიც იყვნენ 2020 წელს ხალხისთვის არჩევანის წართმევაში, ასევე წარუმატებელი იქნებიან 2024 წელსაც ხალხისთვის არჩევანის წართმევაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.