შალვა პაპუაშვილი - ყველა ძალისხმევა, საქმე და სიტყვა უნდა იყოს მიმართული, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში, ეს მთლიანად რეგიონის ინტერესშია
შალვა პაპუაშვილი - ყველა ძალისხმევა, საქმე და სიტყვა უნდა იყოს მიმართული, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში, ეს მთლიანად რეგიონის ინტერესშია

მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო საქართველოს მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთლიანად რეგიონის ინტერესშია, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. პაპუაშვილის განცხადებით, ამ კუთხით დასავლეთის ერთიანობა მნიშვნელოვანია.

„აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა უკრაინაში საქართველოს ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანა არის უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. ვფიქრობ, ყველა ჩვენი ძალისხმევა, ყველა საქმე და სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში და ისე მთლიანად რეგიონის ინტერესში. მნიშვნელოვანი და კრიტიკულია დასავლეთის ერთიანობა, რათა არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. მინდა, მოსახლეობას მოვახსენო, რომ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი