შალვა პაპუაშვილი - ყალბი ნარატივი დაამკვიდრა არა მხოლოდ ოპოზიციამ, იყო დახმარება უცხო ქვეყნებიდან გაკეთებული განცხადებებითაც, კანონპროექტი დაბრენდეს, როგორც რუსული კანონი, რაც სიყალბეა
შალვა პაპუაშვილი - ყალბი ნარატივი დაამკვიდრა არა მხოლოდ ოპოზიციამ, იყო დახმარება უცხო ქვეყნებიდან გაკეთებული განცხადებებითაც, კანონპროექტი დაბრენდეს, როგორც რუსული კანონი, რაც სიყალბეა

ყალბი ნარატივი დაამკვიდრა არა მხოლოდ ჩვენმა ოპოზიციამ, არამედ იყო ამისი დახმარებაც სხვადასხვა, მათ შორის უცხო ქვეყნებიდან გაკეთებული განცხადებებით, ვხედავდით, რომ თავიდანვე, ჯერ კანონი დაწერილიც კი არ იყო, როდესაც მოხდა მისი დაბრენდვა, როგორც რუსული კანონის, რაც არის აბსოლუტური სიყალბე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არაფერი ამართლებს ძალადობას, ეს ფორმულა, რომელიც სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა დაიმახსოვროს, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მოქალაქე, ამაზე დგას ჩვენი წესრიგი.

„რაც არ უნდა დამოკიდებულება ჰქონდეთ, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ამას აქვს თავისი ფორმები, ძალადობა არ არის გამოხატვის თავისუფლება. გუშინ ვნახეთ, რომ იქ შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები და პარლამენტის წევრმა პირდაპირ მოუწოდა პიკეტირებისკენ, უკანონობისკენ, ახალგაზრდების ეს ენერგია, რომელიც მათ ჰქონდათ, მათ შორის იმ ყალბი ნარატივის შედეგად, რომელსაც ამკვიდრებდა ოპოზიციის ნაწილი და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, სწორედ პოლიტიკოსების წაქეზებით, ეს ემოცია მიიმართა აგრესიისკენ, კანონდარღვევისკენ, დაზიანდა პარლამენტის შენობა. ის შენობა, სადაც ისინი, წესით, უნდა ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს. ის შენობა დააზიანებინეს მოქალაქეებს. ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ საკუთარ თავზე უნდა იგრძნონ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სამწუხაროდ, ამ ოპოზიციური ჯგუფისგან პარლამენტის შტურმის მცდელობები, სხვა დროსაც გვინახავს და ეს არის მათი ხელწერა.

ჩვენი პრობლემა პოლარიზაცია კი არ არის, ეს არის რადიკალიზაცია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი აწარმოებს და ეს არის სწორედ პრობლემა.

რაც შეეხება საკითხს, რომ ყალბი ნარატივი დაამკვიდრა არა მხოლოდ ჩვენმა ოპოზიციამ, არამედ იყო ამისი დახმარებაც სხვადასხვა, მათ შორის, უცხო ქვეყნებიდანაც იყო განცხადება, ვხედავდით, რომ თავიდანვე, ჯერ კანონი დაწერილიც კი არ იყო, როდესაც მოხდა მისი დაბრენდვა, როგორც რუსული კანონის, რაც არის აბსოლუტური სიყალბე. ჩვენი მოქალაქეები მას დროთა განმავლობაში გააცნობიერებენ, ისევე როგორც სხვა ყალბი ნარატივი გასკდა, საბოლოო ჯამში, ამასაც გააცნობიერებენ, თუ რამხელა სიყალბე მოხდა იმ პროპაგანდისტული ტალღის შედეგად, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რამდენი ხანია, ზვირთდება, თუმცა ჩვენი საზოგადოება, საბოლოო ჯამში, ყოველთვის სცემს ამას პასუხს. ზუსტად ეს სიყალბეც ყველასთვის, საბოლოო ჯამში, გახდება ნათელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.