შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ ყალბი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც ხდება ახალგაზრდების შეგუება იარაღთან, ქართულ პოლიტიკაში იარაღს არაფერი ესაქმება
შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ ყალბი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც ხდება ახალგაზრდების შეგუება იარაღთან, ქართულ პოლიტიკაში იარაღს არაფერი ესაქმება

საჯაროდ ჩანს, რომ არსებობენ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებული არიან პარტიების მიერ, მათი პოლიტიკური ლიდერების მიერ. ზოგ შემთხვევაში სახელიც კი ერთი და იგივეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მექანიზმი, კანონის გვერდის ავლით მიიღონ პარტიაში დაფინანსება.

„„დროას“ შემთხვევაში რაიმე სხვა იდენტობა არც კი აქვთ, იქნება ეს ლოგო ან მისამართი. ეს ერთი ჩვეულებრივი ასლია პარტიისა და არის მექანიზმი, რათა კანონის გვერდის ავლით მიიღონ პარტიაში დაფინანსება. საუბარი როდესაც არის, თითქოს რაღაც სემინარები ტარდება და იწვევენ პარტიულ ლიდერებს, ეს არის კანონის გვერდის ავლის გზა, რათა პარტიის წევრებს ხელფასები დაურიგდეთ უცხოური წყაროდან. ისინი ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს უცხოეთიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს შესწავლილი იყოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში.

„განცხადებებს რაც შეეხება თუნდაც IRI-სთან, მის საქმიანობასთან დაკავშირებით და საუბარს, თითქოს ამ სემინარებზე ახალგაზრდებს ასწავლიან კარგ მოქალაქეობას, არ ვიცი, ვის როგორ ესმის კარგი მოქალაქეობა, მაგრამ იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვნახეთ ყალბი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც ხდება ახალგაზრდების შეგუება იარაღთან. ბოლოს, როდესაც ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა იარაღი, 90-იან წლებში საქართველომ მთელი თაობა დაკარგა. ჩემთვის ეს აბსოლუტური წითელი ხაზია – იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში. ყველა ცდილობს, გააუბრალოოს იარაღთან დაკავშირებული საკითხი, იქნება ეს შიდა პოლიტიკოსი თუ დონორი ორგანიზაცია. ვერ აცნობიერებენ, რასთან გვაქვს საქმე ან არ იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას. ქართულ პოლიტიკაში იარაღის ჟღარუნმა დაგვაკარგვინა თაობა, საქართველო გადაწია ათწლეულებით უკან და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს.

ყალბ არასამთავრობოებს რაც შეეხება, ყალბი დონორების მიერ „ენჯეოების“ დაფინანსებას და იარაღის ტრიალს სემინარებზე, ეს არის ჩვეულებრივი ღია ინფორმაცია. იმედი მაქვს, დონორი ორგანიზაციები ამ საკითხს გამოიყენებენ, როგორც შანსს, შეისწავლონ, რატომ იხარჯება ეს თანხები ისეთ სემინარებზე, სადაც რევოლუციური სცენარები, იარაღთან მოპყრობა განიხილება. ამას არაფერი აქვს საერთო ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესთან. ერთადერთი მიზანია – წახალისდეს დესტრუქცია.

მოველი, დონორები გაემიჯნებიან რადიკალურ ჯგუფებს, ისეთებს, როგორებიც არიან „გირჩი“, „დროა“.  ესენი გახლავთ ორგანიზაციები, რომლებიც არიან არჩევნების უარმყოფლები, შემოაქვთ რადიკალური დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში უფრო წინ წავიდა „გირჩი“ და იარაღის ტრიალი დაიწყეს სემინარებზე. მნიშვნელოვანია, ყველა დონორმა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და გაემიჯნოს ასეთ ორგანიზაციებს, შეწყვიტოს ასეთი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება. მესმის, შესაძლოა, ყველას არ აქვს ღრმა ცოდნა საქართველოს უახლესი ისტორიის, მაგრამ ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე იყოს საუბარი, რომ არ დავუშვათ არანაირი რადიკალიზმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.