შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში, ე.წ. ქარტიას შეგვიძლია ვუწოდოთ „ომის ქარტია“, რადგან გუშინ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო „ომის ქარტია“
შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში, ე.წ. ქარტიას შეგვიძლია ვუწოდოთ „ომის ქარტია“, რადგან გუშინ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო „ომის ქარტია“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია სინამდვილეში ერთ ძალას წარმოადგენს და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის ნაწილი.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტია, თავისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, წარმოადგენს „ომის ქარტიას“.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიცია, საბოლოო ჯამში, კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბა.

„საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ ის, რაზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში, ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია, მართლაც ვუწოდოთ „ომის ქარტია“, რადგან აქ შეიკრიბა ომის ყველა პარტია და აქვთ საერთო „ომის ქარტია“. ასე დააანონსეს კიდეც.

პირველი – დააანონსეს, რომ იქნება რეპრესიები არჩევნების შემდეგ. რეპრესიები, ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტილშია, ზუსტად იმ სტილში დაანონსდა და ამიტომაც თავისთავად გასაგებია, საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა. ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, თითქოს ცალ-ცალკე ძალები არიან, საერთო ჯამში, შეიკრიბნენ ისევ ერთიან ფანჩატურში, სადაც არაერთხელ იყვნენ. ერთსა და იმავე მდინარეში შედის ოპოზიცია. კარგია, რომ, საბოლოო ჯამში, იქამდე მივიყვანეთ ჩვენ ოპოზიცია, კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბნენ, ზუსტად იმავე მდინარეში შევიდნენ, სადაც იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2020 წელს. საბოლოო ჯამში, შედეგი ყოველთვის ერთია. კარგია, რომ ის ფარსი, რომლის საქართველოს მოსახლეობისთვის მიყიდვასაც ცდილობდა ოპოზიცია, თითქოს იყვნენ სხვადასხვა ძალა, დავასრულებინეთ ჩვენ ოპოზიციას, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო საერთო სახის ჩვენებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავდროულად, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, გუშინ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რადგან ერევა საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას და მიზნებს.

„მნიშვნელოვანია მეორე ასპექტიც, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ამით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა. ის თავისი პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ. ეს არის, მარტივად, დარღვევა კონსტიტუციის, უკვე მეორე დარღვევა კონსტიტუციის. ელჩებიც იქ იყვნენ, ახლა საინტერესოა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსის არგამოყენება\გამოყენების განხილვაში, საინტერესოა, აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის დარღვევას თუ ჩვენ ვიხილავთ რეაქციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, როდესაც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი ერევა საარჩევნო კამპანიაში?“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.