შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროსაბჭოს გამოხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას
შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროსაბჭოს გამოხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას

ჩვენ ვნახეთ გამოხმაურებები დასავლელი პარტნიორების და სახელმწიფოების მხრიდან, მათ შორის ევროსაბჭოს გუშინდელი გამოხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას შეეძლო, გადაეხადა გირაო და თავიდან აეცილებინა აღკვეთის ღონისძიების დამძიმება.

„ჩვენ ვნახეთ გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების და სახელმწიფოების მხრიდან, მათ შორის ევროსაბჭოს გუშინდელი გამოხმაურება, სადაც თავად ტექსტი იწყებოდა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, წერტილი.

ასევე ვნახეთ გამოხმაურება ვაშინგტონიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რაც ჩვენთვის გასაგებია. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი. სამართლებრივი განზომილების მიმართულებით, არავის ეჭვიც კი არ გამოუთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დაირღვა კანონი ნიკა მელიას მხრიდან და რომ მისი დაკავება იყო სამართლებრივად გამართლებული, კანონიერი მოქმედება. მეორეა პოლიტიკური განზომილება და პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც ჩვენ გვესმის.

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ დიდ სურათს, დიდ სურათში ეს კარგად არ ჩანს. დემონსტრაციულად ხდებოდა კანონის დარღვევა და გამოწვევა ქართული მართლმსაჯულების სისტემის, რათა მომხადარიყო მისი (ნიკა მელია) დაპატიმრება. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რასთან გვაქვს საქმე. სასამართლომ მას განუსაზღვრა გირაო, მას შეეძლო, გირაო გადაეხადა და თავიდან აიცილებდა მძიმე აღკვეთის ღონისძიებას. სწორედ იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ გამოეწვია უფრე მძიმე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით, ამიტომ მოაქცია საკუთარი თავი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა განმარტა, რომ სანქციებთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვთ.

„მოვისმინეთ სამართლებრივი კუთხით შეფასებები, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის, ეს არის სამართლებრივად გამართული საკითხი, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით გუშინ მოვისმინეთ კინზინგერის განცხადება, რომ ეს არ განიხილება“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.