შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რა შედეგები მოაქვს საქართველოსა და თურქეთისთვის სტრატეგიულ პროექტებს, რომლებსაც 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ინტერესების სრული თანხვედრა გვაქვს
საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ვხედავთ, რა შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის იმ სტრატეგიულ პროექტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და როგორც იდეა, გაჟღერდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და შუა დერეფნის როლზე დაუსვეს კითხვა.
„ზოგიერთი პროექტი, იქნებოდა ეს აბრეშუმის გზა, შუა დერეფანი, მილსადენები, მათ შორის კაბელები და შავი ზღვის გამოყენება ელექტროენერგიის გადასაცემად თუ ინტერნეტის კაბელებისთვის – ბევრი ეს იდეა მაშინ სერიოზულად არ განიხილებოდა, როგორც სხვა მარშრუტების ალტერნატივა. დღეს ვხედავთ, ზუსტად ამ დღეებში ვხედავთ, რას ნიშნავს შუა დერეფანი, ვნახეთ თვითმფრინავების მიმოსვლა, როგორ მოხდა მისი გადაწევა საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც კონფლიქტები არის სხვა რეგიონში. ამიტომ, ეს არის საკითხები, რომლებიც ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესის ნაწილია. აქ გვაქვს ინტერესების სრული თანხვედრა და, აქედან გამომდინარე, თანამშრომლობის სურვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.