შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ მცდელობებს, ეკლესიაშიც შეიტანონ გარედან დაპირისპირება, გვინდა, სულიერი ერთობის მაგალითი ვიხილოთ, როგორ მოქმედებს ეკლესია უმაღლესი იერარქის შერჩევის დროს
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ მცდელობებს, ეკლესიაშიც შეიტანონ გარედან დაპირისპირება, გვინდა, სულიერი ერთობის მაგალითი ვიხილოთ, როგორ მოქმედებს ეკლესია უმაღლესი იერარქის შერჩევის დროს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ისტორიული მოვლენაა, რომელზეც 142-ე პატრიარქი უნდა იყოს არჩეული. ჩვენი თაობისთვის ისტორიული მოვლენაა, პირველი კრებაა, რომლის მოწმენიც გავხდებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი საზოგადოება ამ კრებას ელოდება.

„გვინდა, ჩვენც ვიყოთ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე. გაფართოებულ კრებას ვგულშემატკივრობთ, რომ გამოვლენილი იყოს ღირსეული პატრიარქი, რომელიც მომავალი წლების, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი იქნება. მცდელობებს ვხედავთ, რომ გარკვეული შფოთი და დაპირისპირება შეიტანონ გარედან დაკვეთით საქართველოს ეკლესიაშიც. მთავარი იმედი, რაც მინდა, საზოგადოების სახელით გავაჟღერო, არის ის, რომ ჩვენ გვინდა, სულიერი ერთობა და იმის მაგალითი ვიხილოთ, როგორ მოქმედებს საქართველოს ეკლესია უმაღლესი იერარქის შერჩევის დროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება.