შალვა პაპუაშვილი - ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, გამოძიებულ იქნეს საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში
USAID-თან დაკავშირებით ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნეს საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. მათ შორის, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: „გავრცელდა ინფორმაცია, რომ USAID-ის თანამშრომლები არიან შვებულებაში გაშვებული, ზოგიერთი მათგანი კი იძულებით არის გაშვებული შვებულებაში. მათ ბრალი ედებათ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გვერდის ავლის მცდელობაში. ჩვენთანაც მოქმედებს ეს ორგანიზაცია, არის პროექტები, რომლებიც ამ ორგანიზაციის მიერ ფინანსდება. რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს საქართველოს კონტექსტში?“
„იცით, რომ USAID-ის ადგილობრივი ოფისი ჩართული იყო 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. პირდაპირ მათი მონაწილეობა იყო ამ ყველაფერში. ვისურვებდი, არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნეს USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩართულობა 2020 წლის პარალელური დათვლის გაყალბებული შედეგების გავრცელების სკანდალში, რომელმაც საზოგადოება კინაღამ არეულობამდე მიიყვანა. საერთო ჯამში, ესეც არის საფუძველი, რატომაც ხდება გადახედვა დაფინანსებისა. სასიამოვნოდ გამიკვირდა კიდეც, როცა ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში საფუძვლად აღებული იყო ის, რომ საერთაშორისო დახმარება, რიგ შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული, ასე ვთქვათ, არეულობის შეტანაში გამოიყენება, მათ შორის აზიანებს აშშ-ის ინტერესს. ეს არის ზუსტად ის მიდგომა, ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს გარკვეული ასეთი სახის ღონისძიებებთან თუ აქტივობებთან დაკავშირებით. არამხოლოდ დაფინანსების საკითხი, ვისურვებდი, რომ გამოძიებულ იქნეს საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. მათ შორის, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, ვინაიდან პირადად მე და ჩვენ USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა გვატყუებდა, თითქოს პარალელური დათვლის შედეგები იყო სწორი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ, მათ შორის, უცხოელმა ხელმძღვანელმა, ზუსტად იცოდნენ, რომ ყალბი შედეგები იყო, რომელსაც ავრცელებდა „ისფედი“ და, უბრალოდ, გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, ხელს აფარებდნენ „ისფედის“ მაშინდელ თანამშრომლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.