შალვა პაპუაშვილი - ვიხილეთ ყოფილი სახალხო დამცველის პოსტი, სადაც მოუწოდებს ყველას, რომ გარკვეული ადამიანები საზოგადოებიდან გარიყონ, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი
შალვა პაპუაშვილი - ვიხილეთ ყოფილი სახალხო დამცველის პოსტი, სადაც მოუწოდებს ყველას, რომ გარკვეული ადამიანები საზოგადოებიდან გარიყონ, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

აქციაზე სააკაშვილის პოსტერის გამოჩენაზე გარკვეული წინააღმდეგობა იყო, თუმცა ეს პროტესტი გამოყენებული იქნა, რათა სამომავლოდ აგრესია გააღვივონ საზოგადოებაში, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა შანსი ჰქონდა ოპოზიციას, რომ აქციის მონაწილეების პროტესტი სააკაშვილის გათავისუფლების გეგმისთვის გამოეყენებინა, იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის პოსტერის გამოჩენა აქციის მონაწილეებმა მწვავედ გააპროტესტეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აქვე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

„მოლოტოვის კოქტეილებთან ერთად რაც ვნახეთ, სამწუხაროდ, არის ზიზღის გაღვივება საზოგადოებაში. ჩვენ ვიხილეთ, მათ შორის, ყოფილი სახალხო დამცველის პოსტი, სადაც ის მოუწოდებს ყველას, რომ გარკვეული ადამიანები საზოგადოებიდან გარიყონ, ხელი არ ჩამოართვან, არ მიესალმონ და ა.შ. შეიქმნა ჯგუფები, იწვება წიგნები, ლექტორები არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში და ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკორირებული იქნა რამდენიმე ორდენით. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ის აცხადებს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელზეც თითქოს ამბობდნენ, რომ მას ნდობა ჰქონდა, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორისგან. ის ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ. ეს, რასაც ახლა ვხედავთ, არის ძალიან საშიში ფენომენი. ვხედავთ, რომ ცდილობენ, ეს დაამკვიდრონ ახალგაზრდებში და გააღვივონ მათში ზიზღი ადამიანების მიმართ. ამას საზოგადოების მხრიდან დროული რეაგირება და გაცნობიერება სჭირდება, რომ არ მეორდებოდეს ის, რაც სამყარომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იხილა ზოგ ქვეყანაში, სადაც წიგნები იწვებოდა და ადამიანებს რიყავდნენ, ის, რაც საზოგადოებამ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სადაც ადამიანებს რეცხავდნენ. იმავე ფსიქოლოგიის ხალხი ცდილობს ახლა, რომ გახდეს ლიდერი. ვგულისხმობ, მათ შორის, ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ფაშისტური მოწოდებებით გამოდის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი სახალხო დამცველის ამ მოწოდებას ეთანხმებიან და ეიფორიაში არიან.

„შედით და ნახეთ, რამხელა გამოხმაურება აქვს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან და როგორ ეიფორიაში არიან, კი, გავრიყოთ, მოვიცილოთ, მოვკვეთოთ და ჩავრეცხოთო. წარმოიდგინეთ, ეს მიდგომა რომ აქვს იმ სექტორს, რომელიც დღე-ღამეს სემინარებში ატარებს, ადამიანის უფლებებზე საუბრობს და ამით მოაქვს თავი, რომ PowerPoint-ზე გაუშვებს და იქ მიანიშნებს, ადამიანის უფლებებში რამდენი პუნქტია და რამდენი ქვეპუნქტი. ნათელია, რამდენად ფასადურია ზოგიერთი უფლებადამცველის და ლამაზი სიტყვებით მოსაუბრე ადამიანების განწყობა და რამდენად სცდება შინაარსი ამ ფასადს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, ამ რიტორიკას გაემიჯნონ.