შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს, რომ მედიაციის პროცესში თუ ვინმე იყო კონსტრუქციული, ეს იყო სწორედ „ქართული ოცნება“
შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს, რომ მედიაციის პროცესში თუ ვინმე იყო კონსტრუქციული, ეს იყო სწორედ „ქართული ოცნება“

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს მედიაციის პროცესში როგორი იყო მხარეების პოზიციები და ყველა დარწმუნდება იმაში, რომ თუ ვინმე იყო კონსტრუქციული, ეს იყო სწორედ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ყველა დასკვნა იზიარებს ერთ აზრს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე აისახა საქართველოს მოქალაქეების ნება.

„ჩვენი ოპონენტების მხრიდან რაც გავიგეთ იყო, რომ მათი კომპრომისი მდგომარეობდა იმაში, რომ მონაწილეობდნენ პროცესში, ამას ხედავდნენ მხოლოდ კომპრომისად. ასევე მოვისმინეთ, რომ ერთადერთი საკითხი, რა შემთხვევაშიც შეიძლება შეთანხმება შემდგარიყო, ეს იყო პატიმრების და რიგგარეშე არჩევნების თემა. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ბოლო ხუთი თვე ვაკვირდებით- ულტიმატუმების ენა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, გაჯიუტება რაღაც საკითხებში. ყველა უნდა ამოვიდეს იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რა არის სწორი და სამართლიანი. საჭიროა, რომ ყველამ თვალი გაუსწოროს სიმართლეს, მათ შორის იმ სიმართლეს, რომელიც შეეხება 31 ოქტომბრის არჩევნებს. ყველა დასკვნა იზიარებს ერთ აზრს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე აისახა ჩვენი მოქალაქეების ნება. ეს არის რეალობა. ამ რეალობას როგორც კი გაუსწორებენ თვალს, იმ მომენტში ბევრი საკითხი გადაწყდება და ბევრ საკითხზე შესაძლებელი გახდება შეთანხმება. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ სიმართლეში, არსებობს საგამოძიებო კომისია და აქვთ ყველანაირი საშუალება, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით გაარკვიონ მათთვის თუ რაიმე ეჭვის აღმძვრელი საკითხია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.