შალვა პაპუაშვილი - ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგის ეჭვქვეშ დაყენების მომენტში, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ან მოადგილეს უნდა მოემართა, ახლა პროცედურა დასრულებულია
შალვა პაპუაშვილი - ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგის ეჭვქვეშ დაყენების მომენტში, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ან მოადგილეს უნდა მოემართა, ახლა პროცედურა დასრულებულია

პროცედურის თანახმად, კენჭისყრის შედეგის ეჭვქვეშ დაყენების მომენტში პოლიტიკური ჯგუფის სახელით ჯგუფის ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს უნდა დაეყენებინა პრეტენზია და არა რიგით წევრს, – განაცხადა 3 ივლისის კენჭისყრისას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ სიტყვა მოითხოვა სანდრო რაქვიაშვილმა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი არ არის. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ახლა პროცედურა დასრულებულია.

„საპარლამენტო ცხოვრება დაკავშირებულია პროცედურასთან და სხდომის თავმჯდომარეც შეზღუდულია დადგენილი პროცედერით. პროცედურა არის შემდეგი – თუ კენჭისყრის შედეგთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ამ შემთხვევაში, ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს მოტივირებული განცხადებით მიმართონ, რომ მოხდეს საკითხის გადამოწმება. რიგგარეშე სხდომაზე, როცა კენჭისყრა ჩატარდა, სიტყვა მოითხოვა სანდრო რაქვიაშვილმა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ არის. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია იაგო ხვიჩია და თუ საკითხს ფორმალურად შევხედავთ, პოლიტიკური ჯგუფის სახელით იაგო ხვიჩიას უნდა მოემართა. მათ შორის, ამ მომართვის შინაარსობრივი დასაბუთება უნდა ყოფილიყო. ყოველ კენჭისყრაზე 80-90 საკითხი გამოდის. თეორიულად შეიძლება, ყველა კენჭისყრის შემდეგ ვიღაცამ წამოიძახოს და პრეტენზია ჰქონდეს. ამიტომაც არსებობს პროცედურა, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია გასაჩივრება და პოლიტიკური ჯგუფის სახელით მისი თავმჯდომარე საუბრობს და არა ჯგუფის ყოველი წევრი. როდესაც, როგორც სხდომის თავმჯდომარემ, ვთქვი, რომ რაიმე ისეთი განსაკუთრებული არ ჩანდა, პრეტენზია აღარ გაგრძელებულა და სხდომა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია პროცედურების დაცვა, რადგან საქმე ეხება კანონმდებლობას და არა უბრალოდ გადასაწყვეტ საკითხებს. ვინ იყო და ვინ არ იყო პლენარულ სხდომაზე, ამას უპირველესად კენჭისყრის შედეგები ადგენს და ეს არის ჩვენი მონაცემები, რაც არის. თუ ასე მივუდექით, შეიძლება, ისტორიულად ჩატარებული ნებისმიერი კენჭისყრა ვინმემ კითხვის ქვეშ დააყენოს და დავიწყოთ ამის ძიება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისს განაცხადეს, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით 3 ივლისის კენჭისყრის თაობაზე პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე ითხოვენ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას, თუმცა ცნობილია, რომ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიშავილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.