შალვა პაპუაშვილი – ვეტინგის არსი თავისუფლების და დამოუკიდებლობის შეზღუდვაა, უცხოელს „გადამწყვეტი ხმა“ უნდა ჰქონდეს, ეს სიტყვა-სიტყვით წერია საქართველოს მიმართ ბრიუსელის მოთხოვნაში
ვეტინგი გულისხმობს მექანიზმს, სადაც უცხოელი ექსპერტები ან დამკვირვებლები მართლმსაჯულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების შერჩევასა და დანიშვნაში გადამწყვეტ როლს შეასრულებდნენ, უცხოელს „გადამწყვეტი ხმა“ უნდა ჰქონდეს, ეს სიტყვა-სიტყვით საქართველოს მიმართ ბრიუსელის მოთხოვნაში წერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა დამოუკიდებლობის დათმობა.
„რისთვისაც ვიბრძოდით საბჭოთა კავშირისგან გამოსვლის პროცესში, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ეს ისევ ამის აყრაა. ვეტინგის არსი თავისუფლების და დამოუკიდებლობის შეზღუდვაა. ქვეყანას მოსამართლეს და მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლად უცხოელი რომ დაგინიშნავს, რაღა დამოუკიდებლობაზე უნდა ვისაუბროთ, რა 3000-წლოვან ისტორიაზე, რა დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე და ილია ჭავჭავაძეზე? – ბრიუსელი დღეს პირდაპირ გვეუბნება, რომ მოსამართლის დანიშვნაში გადამწყვეტი სიტყვა რომელიღაც ესტონელ, ფრანგ თუ ბელგიელ ე.წ. ექსპერტს უნდა ჰქონდეს. სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ეს ანტიკონსტიტუციური და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნა რეალურად არ იქცევა, მაგრამ მეორე მხრივ, ოპოზიციას ვხედავთ, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს, რომ ისინი არიან მარიონეტები და მზად არიან, ქვეყნის დამოუკიდებლობა დათმონ იმისთვის, რომ ვიღაცამ წითელი ხალიჩა დაუგოს და ბრიუსელში რომელიღაცა კაბინეტში შეხვდნენ და ხელი ჩამოართვან. აი, ეს არის მათი მარიონეტული ხასიათი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი ნონა წოწორიაა, რომელიც ადეიშვილის პერიოდში გენპროკურორის მოადგილე იყო.
„პირველ წლებში, როდესაც ქონებების ჩამოთმევა, ტელევიზიების, მედიების შეზღუდვა და ძალადობის ნორმალიზება ხდებოდა, მაშინ ის იყო გენპროკურორის მოადგილე. დღეს, ნონა წოწორია მოლდოვაში წყვეტს, ვინ გახდეს მოლდოვაში მოსამართლე და პრეზიდენტი. ასეთი რეპუტაციის, წარსულისა და კეთილსინდისიერების მქონე ადამიანია. კეთილსინდისიერებას ამოწმებს ადამიანი, რომელიც საქართველოში წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო, როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე. ქონების ჩამოთმევის სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო, როგორც გენპროკურორის მოადგილე და დღეს ვიღაცეებს კეთილსინდისიერებას უმოწმებს. რაც შეეხება უკრაინას, იქ თანამდებობაზრ პირდაპირ ადეიშვილი ჰყავთ, რომელიც ჩართული იყო საქართველოს სასამართლო სისტემაში ხალხის გაშვება-დანიშვნაში. როდესაც ბრიუსელის ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ბრიუსელის ღირებულებაა – ზურაბ ადეიშვილის, ნონა წოწორიასა და მიხეილ სააკაშვილის ღირებულება. ეს არის ბრიუსელის ღირებულება, როგორც ისინი ხედავენ კეთილსინდისიერებას. ბრიუსელის გაგებით, კეთილსინდისიერება სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.