შალვა პაპუაშვილი - ვერ ვიქნები იმ ვალდებულებებისგან თავისუფალი, რომელიც ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე ავიღე, დავდე პირობა, რომ ვიქნები სამართლიანი ყველას მიმართ
შალვა პაპუაშვილი - ვერ ვიქნები იმ ვალდებულებებისგან თავისუფალი, რომელიც ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე ავიღე, დავდე პირობა, რომ ვიქნები სამართლიანი ყველას მიმართ

როდესაც დავით უსუფაშვილი ამ რჩევას ტრიბუნიდან ამბობდა, მას დარბაზიდან უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, აპირებს თუ არა მისი წინამორბედის, დავით უსუფაშვილის რჩევის გათვალისწინებას, რომ პარტიული მანდატი დროებით შეიჩეროს, რათა პოლიტიკური ვალდებულებებისგან თავისუფალი იყოს და ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია შეასრულოს.

„რა თქმა უნდა, მე ვერ ვიქნები იმ ვალდებულებებისგან თავისუფალი, რომელიც ქართველი ხალხის და ჩვენი ამომრჩევლის წინაშე ავიღე. ჩვენმა ამომრჩეველმა ჩვენს პარტიას და პირადად მეც, როგორც საარჩევნო სიის წევრს, მომცა ხმა და ეს არის ჩემი ვალდებულება ჩემი ამომრჩევლის წინაშე. რა თქმა უნდა, ადამიანი ვალდებულებებისგან ასე ადვილად თავს ვერ დაიხსნას და არც უნდა დაიხსნას. მე დავდე პირობა, რომ ვიქნები სამართლიანი ყველას მიმართ და ეს არის მთავარი კრიტერიუმი. მე პოლიტიკური გუნდის წევრი ვარ და კენჭისყრებში ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ვუჭერ მხარს, ან არ ვუჭერ, მათ შორის, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც, იმ პოლიტიკური შეხედულებებიდან, რომელიც მე გამაჩნია და იმ ვალდებულებებიდან, რომელიც ჩვენი, ანუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის წინაშე ავიღე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.