შალვა პაპუაშვილი - ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ უსამართლო სანქციებს ვინც აწესებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამით აზიანებს საკუთარ რეპუტაციას
შალვა პაპუაშვილი - ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ უსამართლო სანქციებს ვინც აწესებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამით აზიანებს საკუთარ რეპუტაციას

ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ეს აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც ამ უსამართლო სანქციებს აწესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ორი აზრი არ არსებობს, რომ პარტნიორ მხარეს მტკიცების განსაკუთრებული ტვირთი აქვს და განსაკუთრებული სენსიტიურობა უნდა გამოიჩინოს.

„ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ისიც სანქცირებულია საელჩოს მხრიდან. ვიცით, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებულია საელჩოს მიერ, თავადაც თქვეს და ჩახსნეს პროგრამებიდან. დავიწყოთ ამ ნაბიჯიდან და თუკი კეთილსინდისიერად უდგებიან ამ გადაწყვეტილებას, ამ სანქციის მოხსნის გადაწყვეტილება ვნახოთ.

რაც შეეხება სხვა სანქციებს, მაშინაც მქონდა მაშინდელ ელჩთან შეხვედრა და ვკითხე, ვთხოვე, მოეწოდებინა, რა მასალები არსებობს ამასთან დაკავშირებით. მისი პასუხი იყო, რომ გავეცნო ჟურნალ-გაზეთებს. ეს სერიოზული არ არის. სისხლის სამართალშიც და ადამიანურ ურთიერთობებშიც არსებობს მარტივი პრინციპი, ვინც აყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს და არა იმან, ვისაც უყენებენ ბრალს. ადამიანურ ურთიერთობებშიც ასეა. თქვენ თუ ვიღაც რაღაცას გაბრალებთ, მან უნდა ამტკიცოს. როდესაც მე ვიკითხე, რა იყო ამის მტკიცებულება, იყო მითითება ჟურნალ-გაზეთებზე, არ ვიცი ახლა, ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით რა გადაწყვეტილება მიიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვას იმის შესახებ, რას აპირებს „ქართული ოცნება“, სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილება თუ არ შეიცვლება, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ეს აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც უსამართლო სანქციას აწესებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს გარკვეული. ანაბანაზე ვსაუბრობთ. რაღაც მომენტში სირცხვილიც კი არის ამაზე საუბარი. რაზე ვსაუბრობთ, ბრალის გამჭვირვალობაზე, ბრალის მტკიცებულებებზე, ვსაუბრობთ ელემენტარულ საკითხებზე. თავი რომ დავანებოთ იმას, რამხელა დონის თემაა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან შენი ქვეყნის მოსამართლეები სანქცირდებიან.

ორი აზრი არ არსებობს, რომ პარტნიორ მხარეს მტკიცების განსაკუთრებული ტვირთი აქვს და განსაკუთრებული სენსიტიურობა უნდა გამოიჩინოს ამ საკითხის მიმართ. აქვე დავაკვირდეთ ერთ რამეს. არცერთი „ენჯეო“ ამ ქვეყანაში, უფლებების დაცვაზე რომ თავი მოაქვთ, არ გამოსარჩლებიან ჩვენს მოსამართლეებს. ყველგან მტკიცებულებებსა და ჩანაწერებს რომ ითხოვენ ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით, კამერის ჩანაწერებს, ვინმემ იკითხა, ერთმა „ენჯეომ“ მაინც, რა მტკიცებულებებია ამის უკან? თუ ისინი სელექციას ახდენენ, რომ ვიღაცას აქვს უფლებები და ვიღაცას არ აქვს, ეს კიდევ სხვა პრობლემაა. იცით, რატომ არ არის რეაგირება? იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს „ენჯეოები“ ფინანსდებიან იმ წყაროებიდან, საიდანაც ეს სანქციები მოდის და საკუთარი დამფინანსებლების წინააღმდეგ ისინი ხმის ამომღებები არ არიან. ეს არის პრობლემა, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ ზოგიერთი „ენჯეოს“ სახით გვყვანან არა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არამედ დონორების წარმომადგენლები, რომლებიც ხმას არ იღებენ, როდესაც საქმე ეხება მათ დონორებს.

ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვანთ – სანქციების დაწესება რუსეთისთვის. არათუ ამის საპირისპირო რამ თქვეს, მომხრეც კი იყვნენ სანქციების დაწესებისა. ფაქტია, შეთანხმდა მთელი საზოგადოება, რომ სანქციები დაანგრევდა ამ ქვეყანას. სანქციების გვერდის ავლაზე რატომ იყო ჩუმად ეს ყველა „ენჯეო“, რომლებიც მილიონებს იღებენ დეზინფორმაციის მხილებისთვის? რატომ იყვნენ ჩუმად, იმიტომ, რომ იმავე წყაროდან ფინანსდებიან, რომელი წყაროდანაც ფინანსდებოდა ეს დეზინფორმაციული კამპანია.

შეგახსენებთ, ამ კამპანიის ავტორი იყო „დროა“ და ელენე ხოშტარია, რომელიც, ვიცით, რომ ფინანსდება „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“, ჩუმად ფინანსდება „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ მათ შორის, და იგივე ფონდი აფინანსებს იმ „ენჯეოებს“, რომლებმაც დეზინფორმაცია უნდა ამხილონ. რა თქმა უნდა, საკუთარ დამფინანსებელს არავინ ამხელს. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.