შალვა პაპუაშვილი - USAID-მა, პოლიტიკური „ენჯეოების“ გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე
USAID-მა, პოლიტიკური „ენჯეოების“ გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, „USAID-მა უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან“.
„USAID-მა, პოლიტიკური „ენჯეოების“ გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ, ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია. ეს შედარება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება, თუკი საფუძვლად ავიღებთ ქვეყნების GDP-ს. შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. USAID-მა, რომელიც 2020 წელს თავად იყო პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების და არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე და 2024-შიც იგივე გააგრძელა, უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.