შალვა პაპუაშვილი - უნდა შეიცვალოს ძალადობრივი გარემო, რომელიც უცხოური დაფინანსებით იქმნება საქართველოში და რომლის თანამონაწილეც არიან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, „ენჯეოები“
უნდა შეიცვალოს ძალადობრივი გარემო, რომელიც უცხოური დაფინანსებით იქმნება საქართველოში და რომლის თანამონაწილეც არიან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და „ენჯეოები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს მედიის წარმომადგენელმა მიმართა: „არ ვიცით, დაიწყო თუ არა გამოძიება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ თავდამსხმელები „ოცნებასთან“ აფილირებული პირები იყვნენ“.
„არანაირი კომენტარი არ შემიძლია, ამაზე გავაკეთო, თავის დროზე ვთქვი და შევაფასე კიდეც. რაც შეეხება იმას, შემდეგ რა მიდის, რა არ მიდის, არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში, მაგრამ როცა ჰკითხეს, საიდან გაქვს ეს ეჭვიო, აღმოჩნდა, რომ დაესიზმრა და არანაირი სხვა ხელმოსაკიდი ფაქტი არ ჰქონდა. ასე რომ, სხვის ეჭვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს ის ძალადობრივი გარემო, რომელიც უცხოური დაფინანსებით იქმნება საქართველოში და რომლის თანამონაწილეც არის, მათ შორის, ქალბატონი სალომე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და „ენჯეოები““, – განაცხადა პაპუაშვილმა.