შალვა პაპუაშვილი - უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს უკრაინის მოქალაქეებზე, საქართველოს ხელისუფლება კი, მართლმსაჯულების აღსრულებაზე საქართველოში, ეს ორი ინტერესი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება
შალვა პაპუაშვილი - უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს უკრაინის მოქალაქეებზე, საქართველოს ხელისუფლება კი, მართლმსაჯულების აღსრულებაზე საქართველოში, ეს ორი ინტერესი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება

ბუნებრივია, უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს უკრაინის მოქალაქეებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება კი, მართლმსაჯულების აღსრულებაზე საქართველოში. ეს არის ორი ინტერესი, რომელიც ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გამოქვეყნებას, როგორც პაპუაშვილი ამბობს, მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ პატიმრის მიმართ ყველა სტანდარტი იყო დაცული.

„იუსტიციის სამინისტრომ ჩანაწერები იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ეჩვენებინათ – მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაცული იყო ყველა სტანდარტი, კერძოდ, პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს – უკრაინაში. კადრები ვნახეთ, მისი დაკავება როგორ მოხდა. მისი ადვოკატის განცხადება გასაგებია, რადგან დაცვის ქვეშ მყოფ პირს იცავს. რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას, მიხეილ სააკაშვილთან კავშირში არ არის. ამ კადრების ჩვენების მიზანი იყო, რომ მისი უფლებები დაცულია. პრეტენზიები არც არის გამოთქმული იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა მისი შესახლება მე-18 დაწესებულებაში. უფრო პრეტენზიები ისმის იმაზე, ამ კადრების გამოქვეყნება ღირდა თუ არა. თავისთავად, მძიმე კადრებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიმყოფებით დეზინფორმაციული შტურმის ეპიცენტრში, როცა ქართული სახელმწიფოს, სასჯელაღსრულების დისკრედიტაციას ცდილობენ. მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს მკვეთრი პასუხი საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.