შალვა პაპუაშვილი - უკრაინის ხელისუფლებისგან არათუ პრეტენზიის სერიოზულად მიღებაზეა საუბარი, არამედ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, გადმოგვცეს ლორთქიფანიძე და ადეიშვილი, რომლებმაც წამების სისტემა შექმნეს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინის ხელისუფლებისგან არათუ პრეტენზიის სერიოზულად მიღებაზეა საუბარი, არამედ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, გადმოგვცეს ლორთქიფანიძე და ადეიშვილი, რომლებმაც წამების სისტემა შექმნეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ახსნა არ აქვს.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ზელენსკის ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ არსებობს.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წელიწადნახევრიანი კამპანია, რომელიც მოდიოდა ქვეყნის შიგნით ციხის გამტეხველებისგან და გარედან მათი მფარველების მხრიდან, იყო აბსოლუტურ ტყუილზე აწყობილი. ვნახეთ, ეს ყველაფერი როგორ ფინანსდებოდა. ნებისმიერი სტატიის ფასი ვიცით. უცხოელი აქტორების განცხადება რა ღირდა, ზეპირად იცის ქართველმა ხალხმა. ამგვარი პოლიტიკური კორუფციით იყო წარმართული ეს კამპანია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაიშალა.

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვინც მფარველობს, ის ჯგუფი ცდილობს, ეს თემა რაღაცნაირად შემოატრიალოს, ეს განცხადებაც ამას ემსახურება. უკრაინის ხელისუფლებისგან პრეტენზიის არათუ სერიოზულად მიღებაზეა საუბარი, არამედ ჩვენ გვაქვს პრეტენზია – გადმოგვცეს გია ლორთქიფანიძე და ზურაბ ადეიშვილი. ხალხი, რომელთაც უკრაინელი ხალხის მეგობარი ხალხის წამების სისტემა შექმნეს და ამ სისტემის შემქნელები დღეს უკრაინის ხელისუფლებას შეფარებული ჰყავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მისთვის მიცემული 48 საათი 6 ივლისს ამოიწურა. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე. ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, „უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.