შალვა პაპუაშვილი - უკრაინელები სანგრებში არიან, იბრძვიან და ყოველდღე ასობით დანაკარგი აქვთ, ეს არის, მათ შორის, ევროპელების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე ვერ გამოიჩინეს სიმწიფე, რომ ომი არ მომხდარიყო
შალვა პაპუაშვილი - უკრაინელები სანგრებში არიან, იბრძვიან და ყოველდღე ასობით დანაკარგი აქვთ, ეს არის, მათ შორის, ევროპელების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე ვერ გამოიჩინეს სიმწიფე, რომ ომი არ მომხდარიყო

სამწელიწად-ნახევარი გავიდა, ასობით ათასი ადამიანი, უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირები, ქალები და ბავშვები დაიღუპნენ და სამწელიწად-ნახევრის თავზე უკეთესი პირობები ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩანს, რომ შეიძლება, უფრო უარესი პირობები იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპელებმა ვერ გამოიჩინეს თავის დროზე ის სიმწიფე, როგორც გეოპოლიტიკურმა აქტორებმა, რომ ეს ომი არ მომხდარიყო.

„ეს მაშინ, როდესაც 2022 წლის მარტში, როგორც ბატონმა არახამიამ განაცხადა, უკრაინისთვის მისაღები იყო პირობები, ფაქტობრივად, პირველივე კვირები იყო ომის და მიდიოდა მოლაპარაკება, ჩავიდა ბორის ჯონსონი, რომელმაც, როგორც არახამია ამბობს, უთხრა ზელენსკის, არანაირი შეთანხმება, გავაგრძელოთ ომიო. დღეს ბორის ჯონსონი, არ ვიცი, სად არის, სადღაც მშვიდად არის თავისთვის და აგერ, უკრაინელები ჯერ კიდევ სანგრებში არიან, იბრძვიან და ყოველდღე ასობით დანაკარგი აქვთ. ასე რომ, ეს არის, მათ შორის, ევროპელების პასუხისმგებლობა. მათ ვერ გამოიჩინეს თავის დროზე ის სიმწიფე, როგორც გეოპოლიტიკურმა აქტორებმა, რომ ეს ომი არ მომხდარიყო. აშშ-ის პრეზიდენტი ცხადად და გარკვევით ამბობს, ეს ომი არ იქნებოდა, ამ ომის აცილება შეიძლებოდა და ამბობს, რომ ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ამ ომს აიცილებდა თავიდან და ეს ომი არ იქნებოდა. შესაბამისად, ეს ომი რახან შედგა, ამაში ბრალი მიუძღვით იმათ, ვისაც მსოფლიოს უსაფრთხოება აბარიათ, ხომ? საქართველოს ხომ არ აბარია? საქართველო და ვერც უკრაინა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს ვერ წყვეტენ. ამიტომ არის გაერო-ში უსაფრთხოების საბჭო, ამიტომ არიან ბირთვული სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ ეს პასუხისმგებლობა აღებული, მათ შორის, მსოფლიო უსაფრთხოებაზე ზრუნვის და მათ ვერ უზრუნველყვეს ეს, ევროპამ, ამერიკამ, სხვებმა; ვერ უზრუნველყვეს, რომ არ მომხდარიყო ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი და დამანგრეველი ომი. ასე რომ, მათი ბრალეულობაც ამაში არის და ახლა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ევროპაში მათ შორის, გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნის მშვიდობას. ჩვენ მოვისმინეთ ცოტა ხნის წინ განცხადებები რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, ამავე დროს, ევროპის, ევროკავშირის თანხმობითაც. ანუ, ევროკავშირის თანხმობის გარეშე არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება. მათ თქვეს პირდაპირ, რომ, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირიც უნდა დაეთანხოს. ანუ, უკრაინის თანხმობა მშვიდობაზე, პირობებზე, საკმარისი არ არის, ევროკავშირიც უნდა იყოს თანახმა და ეს რაღაც ახალი თამაშის წესები შემოვიდა, თან უცებ, ერთი კვირის წინ შემოგვაპარეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თუ ამას ამბობ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და თქვა, რომ შენ ხარ ომის მონაწილე და უნდა იომო.

„ომის მონაწილე თუ ხარ, წადი და იომე, უკრაინელების სისხლის ხარჯზე შენს უსაფრთხოებას ნუ აწყობ. როდესაც ბალტიელი პოლიტიკოსები და, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, ვიდრე უკრაინაში ომია, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება, რადგან რუსეთი დაკავებულია უკრაინითო, ეს რა განცხადებაა საერთოდ? როდესაც ევროპელები, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი ამბობს, ომში ვართ რუსეთთანო, თუ ომში ხარ, რატომ არ იბრძვი, სად არის შენი ჯარისკაცი? სანგრებში ვინ სხედან, რატომ არ სხედან იქ ფრანგები, გერმანელები, ესტონელები, ლიეტუველები, რატომ? დაქირავებული არმია არის უკრაინის თუ რა ხდება? კიდევ ერთხელ, თუ არის ეს მათი დაცვის წინა ხაზი, რასაც ამბობენ, რიტორიკულად თუ ამას ამბობ, „ა“-ს თუ ამბობ, მაშინ „ბ“-ც თქვი; თუ ერთ ნაბიჯს დგამ, მეორეც გადადგი და თუ ამბობ, მე უნდა დავეთანხო სამშვიდობო შეთანხმებას, ესე იგი, შენ ხარ მხარე და არა შუამავალი, რადგან ამერიკა ხომ არ ამბობს, მე უნდა დავამთავროო? ამბობს, მე ამათ ვალაპარაკებ და რაზეც შეთანხმდებით, ეგ იყოსო. ევროკავშირი უკვე ბოლო ერთი კვირაა, არ ამბობს ამას, რაზეც შეთანხმდება უკრაინა და რუსეთი, ჩვენ ვიქნებით შუამავალიო; ამბობენ, რომ უკრაინა, რუსეთი და ჩვენ, ჩვენც უნდა დავეთანხმოთ ამ ყველაფერსო და თუ შენი დათანხმებაა საჭირო, ესე იგი, შენ ხარ მხარე და თუ ხარ მხარე, კეთილი ინებე მაშინ, წადი და იბრძოლე იქ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის მშვიდობის შესაძლებლობად.

„სხვათა შორის, ერთ-ერთმა ამერიკელმა, ჩვენთვის ნაცნობმა სენატორმა განაცხადა კიდევაც, უკრაინა ყველაზე კარგად მომზადებული არმიაა და ის გვჭირდება ჩვენს მხარეს, რომ რამე რომ იყოს, ვიბრძოლოთ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სხვაგანაცო და დაქირავებულ არმიად უყურებენ უკრაინელებს, უკრაინელ ხალხს თუ რა ხდება? კიდევ ერთხელ, ეს არის ახლა გადამწყვეტი მომენტი უკრაინისთვის მშვიდობის შესაძლებლობად. სამწუხარო მდგომარეობაა ზოგადად, სამწუხარო, არ ვიცი, როგორი იქნება შედეგი და მე ვისურვებდი, რომ უკრაინას საუკეთესო პირობები დაედოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.