შალვა პაპუაშვილი - უკრაინელ კოლეგასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, შევთანხმდით, რომ ბევრი გაუგებრობის მოგვარება და გარკვევა შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციით
შალვა პაპუაშვილი - უკრაინელ კოლეგასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, შევთანხმდით, რომ ბევრი გაუგებრობის მოგვარება და გარკვევა შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციით

ბოლო დღეების განმავლობაში მქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, დღეს ასევე გვქონდა ონლაინშეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბევრი გაუგებრობის მოგვარება და გარკვევა შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას ასევე განხილული იყო ევროკავშირის კითხვარის საკითხიც. პაპუაშვილის განცხადებით, კითხვართან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება მოხდება.

„ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მით უმეტეს დეზინფორმაცია 21-ე საუკუნეში არის არასაომარ მდგომარეობაშიც გამოწვევა. კრიზისების დროს განსაკუთრებით მოწყვლადია საზოგადოება სხვადასხვა არასწორი ინფორმაციის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან გვექნება კომუნიკაცია და გავცვლით ინფორმაციას. ვისაუბრეთ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. ვინაიდან მოკლე ვადა გვაქვს, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რომელიც ომში იმყოფება, განსაკუთრებული გამოწვევაა ამ კითხვარებზე მუშაობა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ვიზიტზე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ამას ორგანიზებულად გავივლით და მექნება ვიზიტი. რამდენიმე ფაქტორია, ჩვენ გვესმის, რომ უკრაინაში არის ომი, ვიზიტის ფორმატი სხვაგვარია, შესაბამისად, დელეგაციების ვიზიტიც არის მოკლევადიანი და შემჭიდროებული. დღეს მექნება შეხვედრა სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან და ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული, რათა სხვადასხვა ფრაქცია იყოს წარმოდგენილი. მაქვს გარკვეული მოსაზრებები ამაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.