შალვა პაპუაშვილი - უკრაინას გვერდით ვუდგავართ ყველანაირად, იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოს და ჩვენნაირ პირობებში მყოფ ქვეყანას შეუძლია
შალვა პაპუაშვილი - უკრაინას გვერდით ვუდგავართ ყველანაირად, იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოს და ჩვენნაირ პირობებში მყოფ ქვეყანას შეუძლია

უკრაინელი მაღალჩინოსნების ბრალდებებთან დაკავშირებით ჩვენ არანაირ განმარტებებს არ ვაპირებთ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება არახამიას, არესტოვიჩის და დანილოვის განცხადებებს ოფიციალური კიევის პოზიციად.

„ჩვენ ვაპირებთ, უკრაინას ვუსურვოთ გამარჯვება და გვერდით ვუდგავართ ყველანაირად, იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოს და ჩვენნაირ პირობებში მყოფ ქვეყანას შეუძლია. ეს ომი დასრულდება და მოვა მომენტი, როდესაც ბევრი დაფიქრდება, შეძლებს თუ არა, თვალებში ჩახედოს ქართველ ხალხს იმ გამონათქვამების, თუ პოზიციების გამო, რომელიც ზოგიერთს ჰქონდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ურთიერთობა თავის უკრაინელ კოლეგასთან და როგორია რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის პოზიცია, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, უკრაინელ კოლეგასთან კომუნიკაცია აქვს.

პაპუაშვილის თქმით, რუსლან სტეფანჩუკმა 25 ოქტომბერს, ხორვატიაში დაგეგმილ ყირიმის პლატფორმაზე მიიწვია.

„მანამდე, ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით. ვიზიტის დროს, იქვე, ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ახლაც გვაქვს კონტაქტი, კომუნიკაცია. მათ შორის, მან მიმიწვია ყირიმის პლატფორმაზე, რომელიც 25 ოქტომბერს ხორვატიაში გაიმართება. მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, რომელიც არის უკრაინის რადაში და საქართველოს პარლამენტში, აქვთ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა. არის ძალიან თბილი და ისეთი მეგობრული ურთიერთობა, რომელიც უკრაინას და საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ცალკეული დევიციები და ამის უკან გარკვეული მიზეზებია, მაგრამ მთავარია, საქართველო უკრაინას უდგას გვერდით იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას შეიძლება, გაეკეთებინა. რეალურად, უკრაინაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველო-უკრაინას შორის თბილი ურთიერთობებით და ეს ურთიერთობები ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ცალკეული ადამიანების განცხადებები პარალელური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, რაც იმ პოლიტიკის მიღმაა, რომელიც არის ღია, გახსნილი და ცხადი.