შალვა პაპუაშვილი - უბნების ერთი პროცენტი გადაითვალა და უმეტეს შემთხვევაში, არაფერი შეცვლილა, ჟურნალისტებსაც მოგიწოდებთ, რესპონდენტებს სიმართლე ბოლოდე ათქმევინოთ
შალვა პაპუაშვილი - უბნების ერთი პროცენტი გადაითვალა და უმეტეს შემთხვევაში, არაფერი შეცვლილა, ჟურნალისტებსაც მოგიწოდებთ, რესპონდენტებს სიმართლე ბოლოდე ათქმევინოთ

ეუთო/ოდირის მისიამ პირველად ანგარიშში პარტიებს მოუწოდა, მიემართათ ყველა სამართლებრივი საშუალებისთვის, თუკი მათ რამე პრეტენზია ჰქონდათ. დღეს სწორედ ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ლიდერების ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნების ერთი პროცენტი გადაითვალა და უმეტეს შემთხვევაში, ციფრებთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი შეცვლილა.

„როგორც გახსოვთ, ეუთო/ოდირის მისიამ პირველად ანგარიშში, რომელიც არჩევნების მეორე დღეს წარმოადგინა, ყველა პარტიას მოუწოდა (ვიცით რა, რომ არჩევნების ღამესვე იყო აღშფოთება ოპოზიციურ პარტიებს შორის), მიემართათ ყველა სამართლებრივი საშუალებისთვის, თუკი მათ რამე პრეტენზია ჰქონდათ. დღეს სწორედ ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი.

ვიცით, გუშინ დასრულდა გადათვლები, საჩივრების საკითხები, ყველაფერი ამოიწურა და ახლა უკვე შეგვიძლია სურათი დავინახოთ იმ სიცხადით, როგორც არსებობს. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როგორც აღმოჩნდა, ეუთო/ოდირი თავადაც აკვირდება ამ სტატისტიკას და ციფრებს. კარგად იყვნენ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რაც გვაქვს. კერძოდ, ამ დღეებში რაზეც იყო საუბარი, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ტყუილზე იყო აგებული.

ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ საერთო ჯამში, თუ არ ვცდები, 39 უბანი გადაითვალა, მათ შორის 21 საჩივრების საფუძველზე, თუ არ ვცდები, 12 სასამართლოს გადაწყვატილების შესაბამისად გადაითვალა, ხოლო ექვსი თავად საოლქო კომისიების ინიციატივით. ვნახეთ, დიდი არაფერი ცვლილებები არ არის. დღესაც, სამწუხაროდ, კვლავ სოციალურ ქსელში გვერდი გვერდზე დააქვთ სხვადასხვა ოქმები, ისე, რომ ბოლომდე სიმართლეს არ ამბობენ. მაგალითად, საბურთალოზე, 73 უბანზე გადათვლის შედეგად „ევროპულ საქართველოს“ დაემატა 35 ხმა და მე როგორც სოცალურ ქსელში ვნახე, საუბარი იყო, თითქოს, ეს ხმები სადღაც იყო გადამალული. არ ამბობენ, რომ ეს 35 ხმა ალეკო ელისაშვილს ეწერა. ასე რომ, თუ რაღაცას საუბრობენ, თქვენც, ჟურნალისტებსაც მოგიწოდებთ, რესპონდენტებს სიმართლე ბოლოდე ათქმევინოთ. სიმართლე კი ისაა, რომ ამ 39 უბანში, უმეტეს შემთხვევაში, ციფრებთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი შეცვლილა, თუ შეიცვალა იყო 20-30 ხმის ფარგლებში, ისიც, ხან ზოგს ემატება,ზოგს აკლდება, მათ შორის რამდენიმე ხმა ჩვენც დაგვემატა.შეგახსენებთ, ერთი პროცენტი გადაითვალა ყველა უბნის და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, მსგავსი რამ არასდროს არ მომხდარა საქართველოში.

შეხვედრაზე ასევე გვქონდა საუბარი, რამდენი იყო სჩივრების რაოდენობა. ამაზეც, მოგიწოდებთ, გაეცნოთ სტატისტიკას. მართალია, საჩივრების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით გაზრდილია, 1200-დან 1800-მდე. 800 საჩივრით არის გაზრდილი პარტიების საჩივრები. რაც შეეხება არასამთავრობოებებს, აქ კლება გვაქვს. 2016 წლის არჩევნებთან შედარებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს 100 საჩივრით ნაკლები აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ცესკო-სთან გამართულ აქციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიცია არ ძალადობს, არამედ კანონის ფარგლებში მოქმედებს.

„პირველი კითხვაა, იყო თუ არა ცესკო-სთან მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალადობრივი. ამ კითხვას ყველამ გულწრფელად გასცეს პასუხი და ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა. ყველამ შეხედოს, რა ხდებოდა ცესკო-სთან. ის, რომ პოლიციელების ცოცხალი კორდონი გაარღვია დემონსტრანტებმა, ღობეები გადაანგრიეს, გასცენ კითხვას პასუხი, იყო თუ არა პროტესტი ძალადობრივი. თუ ამ კითხვაზე გულწრფელ პასუხს გასცემენ, დანარჩენ კითხვაზეც გასცემენ პასუხს. პოლიცია არ ძალადობს, პოლიცია იყენებს ძალას, როდესაც კანონიდან გამომდინარე არის საჭირო. რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ დიალოგის მომხრე ვართ, მათ შორის შეხვედრაზეც გავქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მათ აინტერესებდათ, მეორე ტურთან დაკავშირებით როგორი იყო ჩვენი პოზიცია. მით უმეტეს, როდესაც ამ გასაჩივრებებისა და გადათვლების შედეგად ყველა ციფრი აისახა, რაც აჩვენებს, რომ ყველანაირი პრეტენზია, რომელიც არსებობდა არჩევნებთან დაკავშირბით, იყო ცრუ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.